მიხეილ სააკაშვილი – სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, დანაშაული არ ჩამიდენია

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ, – ამის შესახებ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

სააკაშვილის თქმით, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, „ბრალდება თითიდან გამოწოვილია“.

„2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს დამარცხდა კრიმინალი. პუტინისა და ოლიგარქის შურისძიებაა ეს. ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ. ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მაგრად დადექით და დამთავრდება გამარჯვებით, ამაში დარწმუნებული ვარ. არ შეგვეშინდეს. „ვარდების რევოლუციის“ დროს არ შემეშინდა, არც 2021 წელს. დავბრუნდი თქვენი ე.წ. სასამართლოს პირობებშიც კი. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, შევიკრათ. ევროპა, ევროპარლამენტარები ითხოვენ ჩემი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, ჩემი ოჯახის, უკრაინისა და ჩემ წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ. მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. ერთიანობით უკრაინაც აუცილებლად გაიმარჯვებს. არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციაში, 2008 წელს, როცა არ დავტოვე თბილისი და საქართველო. რას გადავარჩინე თბილისი. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ. მადლობა მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე. უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, დამფრთხალი ხელისუფლება სისუსტეს ასხივებს.

ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში, ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი გზა, გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით, ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის დროა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აქეთ მხარეს. საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მომემართა. ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით.