იმდენად ამორალური კანონია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ სრული მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირვლ არხს განუცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პროცედურული ომია და მოხდა სხდომის ჩაშლა.
„იმდენად ამორალური კანონია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ სრული მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ან ძალიან მძიმე ელექტორალური დანახარჯებით მიიღონ, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა ბოროტებას ვაჩერებთ მთელი ოპოზიცია. ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვეთ, რომ რეგისტრაცია არ გაევლოთ. ეჭვები იყო, რომ ოპოზიციაში ვიღაცეებს დახმარება უნდოდათ, მაგრამ დღეს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დახმარება არ მოინდომა და სხდომა ჩაიშალა. ზაფხულია და ბევრი დეპუტატი გასულია ქალაქიდან, მათ კარგ დასვენებში ვუსურვებ, ნუ იჩქარებენ, კარგად დაისვენონ. პროცედუდული ომი და სხდომის ჩაშლის ასეთი მეთოდი „ქართულმა ოცნებამ“ გვასწავლა, მანამდე აზრადაც არ მოგვსლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.