ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის

ჩვენ რასაც ვვაჭრობთ რუსეთთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი ერთი დღის განმავლობაში. ჩვენი ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ დროს ყველაფერი ნათელია. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომელიც მძიმე ზიანს მიაყენებს ქვეყანას.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მარტო პირველივე წელს გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია და თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია, ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.