ერთ-ერთმა “ქოცურმა” ინტერნეტ-რესურსმა პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძეს ჯერ ინტერვიუ სთხოვა, შემდეგ კი დაბლოკა და არ გაუშვა, რადგან მასში სააკაშვილის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებაა მოთხოვნილი – საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს “ნაც-ქოცურ” ჰარმონიას. ექსკლუზიურად გთავაზობთ ამ ინტერვიუს, მცირე შემოკლებით:
სურათზე: შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე შეხვედრაზე გენერალ რეშეტნიკოვთან. მოსკოვი, 2014 წ.
– “შეიძლებოდა თუ არა ‘რუსული აგრესიის’ თავიდან აცილება?
– 2014 წელს შევხვდი რუსეთის საგარეო დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ლეონიდ რეშეტნიკოვს, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტო გაიხსენა. უკვე სისტემიდან პენსიაზე გასულ გენერალს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, ჩემთვის ტყუილი ეთქვა. მან გაიხსენა, რომ 8 აგვისტოს, ცხინვალში დატრიალებული ამბების ფონზე, მოსკოვში, პრეზიდენტმა მედვედევმა უშიშროების საბჭო მოიწვია, რომელსაც რეშეტნიკოვიც ესწრებოდა.
„ვისხედით მაგიდასთან რამდენიმე საათის მანძილზე იმის მოლოდინში, რომ სააკაშვილი შეაჩერებდა სამხედრო მოქმედებებს და უკან დაიხევდა. არავის სჯეროდა ბოლომდე, რომ საქმე სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს, რომ სააკაშვილი ასეთ სიგიჟეს ჩაიდენდა. უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გადავხედეთ და მხრების აჩეჩით ვთქვით – ‘твою мать, он совсем охренел, что-ли?’ (“სულ გამო…* თუ რა ხდება?”)… ვისხედით და ველოდებოდით, რომ სააკაშვილი ერთ-ორ საათში შეწყვეტს პროვოკაციას და უკან დახევს ჯარებს. მაგრამ საღამოს უკვე დავრწმუნდით, რომ საქმე სერიოზულადაა, რომ ჩვენს სამშვიდობოებს ესვრიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ“.
ეს ისე, დამატებით შემიძლია, გითხრათ, რაც ისედაც ყველამ ვიცით – სააკაშვილმა წამოიწყო დანაშაულებრივი ავანტიურა, ეს ამბები პირდაპირ ეთერში გადიოდა, თავად აცხადებდა რიხით, რომ კონსტიტუციური წესრიგის „აღდგენა“ მიმდინარეობსო, ეს და ის ტერიტორიები „გავათავისუფლეთო“… ომის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა.
– ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ 2008 წლის ომს ჰყავს ორი ავტორი, მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი, თუ ხედავთ მათ შორის რაიმე კავშირს და ვის ინტერესებში შედიოდა ეს ომი?
– ეს არის პოზიციის არქონა მხდალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის. სააკაშვილს და პუტინს ერთ დონეზე განიხილავენ პოპულისტური მოსაზრებებით, მაგრამ, არსებითად იმიტომ, რომ სააკაშვილს არ წაუყენონ ოფიციალური ბრალდება შესაბამისი სისხლის სამართლის მუხლით. თუკი პუტინიც ისეთივე დამნაშავე და ომის პირველმიზეზია, როგორც სააკაშვილი, გამოდის, რომ სააკაშვილთან ერთად, პუტინსაც უნდა წაუყენონ ბრალი, რაც, საერთაშორისო რეალობის გათვალისწინებით, არასერიოზულია, ხომ? ამიტომ სააკაშვილს დღევანდელი ხელისუფლება არ აცხადებს კრიმინალად აგვისტოს ომის გამო. ათას სისულელეზე ედავებიან და მის კარიერაში მთავარ დანაშაულზე – არა. სააკაშვილმა დაბომბა ის ხალხი, ვის ნდობის მოპოვებასაც ცდილობდა, მუდმივად ეუბნებოდა, ჩვენი ძმები ხართო. როდესაც სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა და ჯარი დაძრა, მან ხაზი გადაუსვა იმ ნდობის ჩანასახს, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობდა ოსებში ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის სააკაშვილის მთავარი დანაშაული და იგი ამისთვის უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს ამ თემაზე, მარტო დაკარგულ ტერიტორიებზე ლაპარაკობს ყველა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ტკივილია, მაგრამ გამოდის, რომ ტერიტორიები გვაინტერესებს, ადამიანები – არა. სააკაშვილისადმი ბრალდების წაყენება აგვისტოს ომის გამო მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, მოვიპოვოთ ოსების ნდობა, ელემენტარული ნდობის გარეშე კი არანაირ მოლაპარაკებებს არ ექნება პერსპექტივა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზების და ოსების „ძმებად“ მოხსენიება საკმარისი არ არის, ასე ხომ სააკაშვილიც ლაპარაკობდა, მაგრამ მერე რაც ქნა, იხილეთ ზემოთ. ამიტომ, ვიმეორებ, სააკაშვილი ოფიციალურად, იურიდიულად უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონო სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო.
– გავიხსენოთ კოდორის ხეობა და ომამდე იქ განვითარებული პროცესები, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ გააუქმა ბატალიონი „მონადირე“, რომელიც წლების მანძილზე იცავდა კოდორის ხეობას და მას უწოდა „ზემო აფხაზეთი“, რამაც მაშინვე გამოიწვია აფხაზების აგრესია, ეს ყველაფერი კი დაუკავშირეს სააკაშვილის „გეგმას“, რომ მან ხელოვნურად შექმნა საფუძველი რათა აფხაზებისთვის ჩაებარებინა კოდორის ხეობა. (იქ ომის დღეებში განვითარებული პროცესები ცალკე განსჯის საგანია), თქვენ თუ ხედავთ ამ ყველაფერში რაიმე კავშირს?
– რა თქმა უნდა, ასეთი კავშირი არსებობს. კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, კბილებამდე შეიარაღებული შენაერთები მსუბუქად შეიარაღებული, მაგრამ ეფექტური „მონადირის“ ნაცვლად განლაგდნენ, რაც გაეროს ეგიდით იქამდე დადებულ შეთანხმებებს არღვევდა – კოდორის ხეობა დემილიტარიზებული ტერიტორია უნდა ყოფილიყო. როდესაც 2008 წელს სააკაშვილმა ავანტიურა წამოიწყო ცხინვალში, რუსეთმა კოდორის პრობლემაც სათავისოდ გადაჭრა – ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმიდან გამოყარა ვითომ ძალიან მებრძოლი ჯარის ნაწილები. ეს კიდევ ცალკე საკითხია – რატომ გამოვიდა კოდორიდან ჯარი უომრად. მე იმას არ ვამბობ, რომ რაიმეს მიაღწევდნენ რუსებთან ბრძოლაში, მაგრამ მაინც, თუკი იქ იყავი და იარაღს აჟღარუნებდი ორი წლის მანძილზე, მერე რატომ გამოიქეცი უომრად? ამას ჰქვია სწორედ ღალატი და დეზერტირობა.
– რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას და დიპლომატიური კუთხით არსებულ სრული უძრაობის პერიოდს, როგორ ფიქრობთ, ეს არის საუკეთესო გამოსავალი რუსეთთან ურთიერთობისთვის?
– გეთანხმებით, სრული უძრაობის პერიოდია, ის, რაც კეთდება, არ არის დიპლომატია, ეს ანტიდიპლომატიაა. საქართველო ყველა პარამეტრით აგებს. მოსკოვიდან არაერთხელ წამოვიდა პოზიტიური განცხადებები, უმაღლეს დონეზე, პუტინის ჩათვლით, რომ მოსკოვის კარი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ღიაა. სააკაშვილის საქართველოდან მოშორების შემდეგ რუსულ მასმედიაში მთლიანად შეწყდა საქართველოზე ნეგატიური მასალების გაშვება, პირიქით, უამრავი პოზიტიური, თბილი, ადამიანური დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ასეთივე სტატიები დაწერეს რუსმა ჟურნალისტებმა. ამანაც შეუწყო ხელი რუსი ტურისტების მოზღვავებას საქართველოში. ისინი საქართველოს მტრულად არ აღიქვამენ, საქართველო მათთვის რომანტიკის სფეროდან არის, საოცნებო ქვეყანაა. ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილება უნდა, ეს ყველაფერი დიპლომატიის გარეშე მივიღეთ, მაგრამ დიპლომატიამ უნდა განამტკიცოს და შეინარჩუნოს ეს დადებითი მოვლენა, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს დღევანდელ დიპლომატიურ კურსზე. ეს უპასუხისმგებლობაა.