12 აგვისტოს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საია-ს სარჩელს, რომელიც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით არის წარდგენილი. სარჩელი შეეხება ქვეყანაში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობას.
Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის შესახებ რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, განსხვავებული მიდგომა დაუწესდათ.[1] კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და ამავე ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის უფლებით მცხოვრები პირები საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაციას ან კარანტინს, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამავე ქვეყნებში ცხოვრობენ წლების განმავლობაში და არ გააჩნიათ ბინადრობის მუდმივი უფლება – საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაცია მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს და მისი ბათილად ცნობის საფუძველია.