აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს, ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2 ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.
ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება პროცესი.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“აიპიენი”