ირაკლი ბერაია – „თავდაცვის კოდექსს“ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ექნება

„თავდაცვის კოდექსს“ საფუძვლად დაედო არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის საჭიროება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები. ამ კოდექსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოდექსის პროექტზე საუბრისას ის მიმართულებები და სიახლეები გამოყო, რომელიც დოკუმენტის მიხედვით შემოდის.

„ეს არის თავდაცვაში საკანონმდებლო დონეზე ისეთი მიდგომების გამყარება, როგორებიცაა ტოტალური თავდაცვა, ეროვნული მედეგობის გაძლიერება, წინააღმდეგობის გაწევა და ამოცანებით მართვა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, კიდევ უფრო მკაფიოდ იმიჯნება ფუნქციები სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ოფისს შორის. ასევე, შემოდის თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები და მთლიანად ხდება სამხედრო სამსახურის გადააზრება, რაც ახლებურად აყალიბებს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის ახალ სისტემას. თვისობრივად უმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და უპრეცედენტო საბინაო პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე მყარდება. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, იხვეწება წოდების მინიჭების ვადები და საფუძვლები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კოდექსს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ექნება და საქართველოს ნატო-სთან თავსებადი, გამართული და ჯანსაღი საკანონმდებლო ბაზა ექნება, რასაც პრაქტიკული საქმიანობაც დაეფუძნება.

„კიდევ უფრო გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი. თავდაცვაში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მეტი ჩართულობა და საქართველოს მეტი ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ეყოლება. ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება კოდექსის მიღებას, რათა მათ კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. კოდექსში ახლებურად განისაზღვრება სავალდებულო გაწვევის სახეები და დღეს არსებული ერთი ბერკეტის ნაცვლად, სამხედრო სამსახურის გავლის რვა სხვადასხვა ფორმის შესაძლებლობა შემოვა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.