ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ამჯერად ყურადღებას ამახვილებდნენ მძღოლებზე და ასევე ჟურნალისტებზე, რომლებსაც ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს და უმტვრევდნენ აპარატურას
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და სხვა ქალაქებში არეულობები საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 02:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 სთ) დასრულდა, იუწყება РИА Новости.
გუშინ საღამოს ზედიზედ მესამედ ადამიანებმა, რომლებიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, შეკრება დაიწყეს დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილებში, ძირითადად, გარეუბნებში.
შეკრებილები ყვიროდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ, ტაშს უკრავდნენ. ასევე თავს იყრიდნენ ავტომობილები, რომლებიც სიგნალებით მხარს უჭერდნენ პროტესტანტებს.
„ომონი“ (მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი) აქციებს შლიდა რეზინის ტყვიებით, იყენებდა ხმოვან ყუმბარებს. აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები დააკავეს. ქუჩებში ხშირად ნახავდით ახალგაზრდებს ჯოხებითა და პლასტმასის ბოთლებით ხელში, რომლებიც მილიხიის თანამშრომლებს ეწინააღმდეგებოდნენ. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება, რომლის დროსაც მილიციელებმა გამოიყენეს ხელკეტები და ზოგიერთი ახალგაზრდა დააკავეს კიდეც.
აქტივისტების დევნისას „ომონი“ შტურმით იღებდა სახლების სადარბაზოებს, სადაც ახალგაზრდებს შეიძლებოდა თავი შეეფარებინათ.
იყო დაკავებულების დახსნის მცდელობებიც – ხის ჯოხების, ფოიერვერკების, ქვებისა და ჩირაღდნების გამოყენებით.
Sputnik–ბელარუსის ინფორმაციით, ძალოვნები გაძლიერებულად აკონტროლებდნენ ავტომობილების გადაადგილებას. გაჩერებულ მანქანებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, გზებზე ეკითხებოდნენ მგზავრობის მიზნების შესახებ. ზოგჯერ ისინი ავტომობილებს ურტყამდნენ და მინებს ამსხვრევდნენ. „მოხვდათ“ ჟურნალისტებსაც – მათ გლეჯდნენ ბეიჯებს, ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს, უმტვრევდნენ აპარატურას.
აქციების პირველი ორი ღამის შემდეგ ბელარუსის შსს–ს დაახლოებით 5 ათასი დაკავებული ჰყავს. დედაქალაქის მსგავსად, რეგიონებშიც აქციები არ იყო ხალხმრავალი, მაგრამ სპეცრაზმი სასტიკად მოქმედებდა.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები>>
ბელარუსის მოქალაქეები არასანქცირებულ მიტინგებს უკვე მესამე დღეა მართავენ. ისინი არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, რომლის წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დამაჯერებლად ლიდერობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპოტესტო გამოსვლების დროს მასმედიის ბევრი თანამშრომელი დააკავეს. მათი უმრავლესობა უკვე გამოუშვეს. ზოგიერთის წინააღმდეგ ფიზიკური ძალაც გამოიყენეს.
“სპუტნიკი”