იყავი კლდოვანი კონცხი, რომელსაც მძინვარედ აწყდებიან ბობოქარი ტალღები. ის კი დგას მშვიდად, ქედშეუხრელად და მის გარშემო თანდათანობით ცხრება მრისხანე ტალღათა მძინვარება.
“ეს რა შემემთხვა მე უბედურსო” – ნუ იტყვი ამას, არამედ სთქვი:
„ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ეს შემემთხვა და მაინც არ ვეძლევი მწუხარებას და სასოწარკვეთას, ქედს არ ვუხრი აწმყოს და არ ვუფრთხი მომავალს“.
მართლაც, ეს შეიძლება ყველას შემთხვეოდა, მაგრამ განა ყველა შეინარჩუნებდა სულის სიმშვიდეს? და რატომ თვლი თავს უბედურად და ცდილობ გაექცე ბედნიერებას? განა ადამიანისათვის უბედურებაა ის, რაც მიზნის მიღწევაში ხელს არ უშლის და არ ეწინააღმდეგება ადამიანური ბუნების კეთილშობილურ ზრახვებს?
განა შენ რაც შეგემთხვა ხელს შეგიშლის იმაში, რომ იყო სამართლიანი, სურგძელი, ზომიერი, გონიერი, წინდახედული, წრფელი, თავმდაბალი და თავისუფალი,მოკლედ, ყველა იმ სიქველით შემოსილი, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს და თავის ჭეშმარიტ სახეს ანიჭებს ადამიანსა და პიროვნებას?
და ამას იქით, ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს:”ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…“.
მარკუს ავრელიუსის ბრძნული გამონათქვამები:
– ათასი გარემოებაა იმისთანა, რომელიც ჯერ უნდა გამოიძიო, ვიდრე განიკითხავდე საქციელს სხვისას.
– არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ფლობ შენ.
– ბევრია შენზე უკეთესი მორკინალი, მაგრამ, დაე, ნუვინ იქნება შენზე თავმდაბალი, შენზე ერთგული საზოგადო სიკეთისადმი, შენზე მორჩილი ბედისწერისადმი და მოყვასთა ცთომის მიმართ – შენზე უფრო დიდსულოვანი.
– გონების ხმას შეუწონე ყველა შენი სიტყვა და საქმე; გწამდეს, მხოლოდ ეს დაგიხსნის სასოწარკვეთილებისაგან, ფუჭი ბრძოლისგან, პირმოთნეობისა და პატივმოყვარეობისაგან.
– დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცება უკან.
– ვინც სცოდავს, ის თავისი თავის წინაშეც სცოდავს.
– ზნესრულობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველ დღეს ატარებდე ისე, როგორც უკანასკნელს შენს სიცოცხლეში: ამაო შფოთის, უმოქმედობისა და პირმოთნეობისაგან თავისუფალი.
– იგი ვინც კეთილმყოფელია, ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისის მხრით აბედნიერებს ადამიანს.
– ისწავლე, რომ გიყვარდეს უმწვერვალესად ყოველი კაცი, თუ გინდა ბედნიერი და დღეგრძელი იყო.
– უთუოდ უბედური იქნება ის, ვინც თვალყურს არ ადევნებს საკუთარი სულის მოძრაობას.
– ხასიათის სრულყოფილება ის არის, რომ ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელ დღესავით გაატარო და მოერიდო ფუსფუსს, უმოქმედობასა და პირფერობას.
წყარო: cyc.ge