კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ – პეჩორის ლავრის მღვდელმთავარს პატიმრობა შეეფარდა

კიევ – პეჩორის ლავრისმართლმადიდებლური  ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს, კიევის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა.

სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და გაასაჩივრებს. ლებედი აცხადებს, რომ გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს.

პავლო ლებედს ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და “აგრესორი ქვეყნის” პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს.

30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა, რის გამოც კიევის სასამართლომ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.