შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანზე: დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს და ვის რამდენი მიუსაჯოს

დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი მართლმსაჯულებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ვიდეოზე ასახული ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ელჩის ფუნქცია, რომ მითითებებს აძლევდეს შს სამინისტროს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ – არა. ამისთვის არსებობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ.

სამწუხაროდ, მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს არ წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.