როგორც ცნობილია, საქართველოში, ამერიკის ელჩობის კანდიდატმა კელი დეგნანმა, თავის განცხადებაში საქართველოს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც საზოგადოებაში სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. როგორც ჩანს, დეგნანის ასეთმა პოზიციამ გააღიზიანა ოპოზიცია.
“ანალოგიური შინაარსის გზავნილი მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და წინა ხელისუფლებამაც, რაც ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის,’- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს სჭირდება ქვეყნის დემოკრატიას და სახელმწიფოს რათა წინ წავიდეს.
“ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე და უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს დამარცხდებიან და ამ დამარცხებას უნდა მოყვეს მშვიდობიანი გადაბარება ხელისუფლების. რაც შეეხება მართლმასჯულებას, აქ არის არა პრობლემები, არამედ კატასტროფული მდგომარეობა, რასაც მთელი საზოგადოება იურიდიული კომიტეტის სხდომებზე ადევნებს თვალს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმუშავებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველოში 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.