გია ცაგარეიშვილი – არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაერთიანებაც დაიშალოს

“ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ბლეფია, არავითარი გაერთიანება არ შემდგარა, ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ეახლა, მას ფეხებში ჩაუვარდა, პარტიის სიაში სამი ადგილი სთხოვა, რასაც მიიღებს და “ნაციონალური მოძრაობის” სიაში ჩაეწერება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, არ არის გამორიცხული არჩევნებამდე ეს გაერთიანება დაიშალოს და მის ბაზაზე კიდევ ახალი შეიქმნას.

“საარჩევნოდ რაც მეტი გაერთიანება და ალიანსი შეიქმნება, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის. პოლიტიკური გემოვნების საკითხია, ვის მოეწონება ამგვარი გაერთიანებები და ვის – არა. მე უბრალოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამგვარ გაერთიანებებს არავითარი შანსი არ ექნება. სადღაც ერთი წლის წინ ითქვა, რომ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანება შეიქმნა – ეს გაერთიანება არც შექმნილა, არც დაშლილა ისე მიატოვა ვაშაძემ და საფუძველი ახალ გაერთიანებას ჩაუყარა. არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაერთიანებაც დაიშალოს და მის ბაზაზე კიდევ ახალი შეიქმნას. ეს არათანმიმდევრულობა პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ პროცესს ძალიან ავნებს”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.