საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი ფიქრობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ.
“65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა“ – წერია კვლევის ანგარიშში.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
წყარო: ghn.ge