ყირიმის ხიდი არის ლეგიტიმური სამხედრო მიზანი და აუცილებელია მისი განეიტრალება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მთელი თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად იბრძვის. მათ შორის ყირიმიც შედის, ხოლო ყირიმის, ან ქერჩის ხიდს რუსეთი სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლად იყენებს.
„ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც აშენებულია უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ნებისმიერი მიზანი, რომელსაც მოაქვს ომი, და არა მშვიდობა, უნდა იყოს განეიტრალებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის ნელა მიმდინარეობს, ვინაიდან უკრაინა დიდი დანაკარგების თავიდან აცილებას ცდილობს.