ახალგაზრდას, ტაქსის მძღოლის მკვლელობისათვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დღეს,  ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის  სასამართლო პროცესი გაიმართა.  “იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე 65 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა.

მან დაცვის მხარის შუამდგომლობის მერე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მის ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა.

“ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად ნიჟარაძის ადვოკატმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.