გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

როგორც პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქრონიკას“ განუცხადა, აღნიშნული პროექტი დაარეგულირებს ორგანიზაციების მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენციას, შემდგომ შეფასებას და ამასთანავე ამ ზიანის ანაზღაურებას.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პაკეტი ინიცირებულია მთავრობის მიერ და შემოსულია პარლამენტში. პარლამენტი და კომიტეტი დაიწყებს მის განხილვას როგორც კი სამუშაო ფაზაში გადავა, ან ახალი მოწვევის პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას. ყველა გარემოსდაცვითი, სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამ პაკეტის დაინიცირება და ჩვენც, კომიტეტი ველოდებოდით ამ კანონმდებლობის მიღებას, რადგან დაწყებული რეფომების ლოგიკური გაგრძელება არის ეს კანონი. ეს დაარეგულირებს ორგანიზაციების მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენციას, შემდგომ შეფასებას და ამასთანავე ამ ზიანის ანაზღაურებას. იქმნება ფონდი, სადაც აკუმულირდება გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხა. კომიტეტი აქტიურად იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ეს ფონდი აუცილებლად მოხმარდეს გარემოსდაცვით მიმართულებას“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

წყარო: agora.ge