რატომ უწოდებენ Threads-ს „Twitter-ის მკვლელს“? უჩივლებს თუ არა ამის გამო ილონ მასკი მარკ ცუკერბერგს და შედგება თუ არა მათი დუელი საჭიდაო რინგზე?

Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ შექმნა ახალი სერვისი Thread-ი, რომელიც Twitter-ს პირდაპირ კონკურენციას უწევს. ქსელის გაშვებიდან პირველი შვიდი საათის განმავლობაში, პლატფორმაზე დაახლოებით ათი მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.

ფუნქციური თვალსაზრისით, Threads-ი ჰგავს Twitter-ს და როგორც Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, Threads-ი მასკის სოციალური ქსელის „მეგობრული კონკურენტი“ გახდება. „ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი აპლიკაცია მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოუყრის თავს. Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გააკეთა. ვიმედოვნებ, ჩვენ გამოგვივა“, – უპასუხა ცუკერბერგმა კითხვაზე, გახდება თუ არა მისი ახალი „შვილი“ უფრო პოპულარული, ვიდრე – Twitter-ი. Facebook-ის შემქმნელის თქმით, მის მორიგ პლატფორმაზე შექმნილი მეგობრული ატმოსფერო Threads-ის წარმატების გასაღები იქნება. „უმჯობესია, ადამიანს ისევ „ტვიტერზე“ უცნობები თავს დაესხან, ვიდრე ყალბ ინსტაგრამზე ცრუ ბედნიერების განცდა შეიგრძნოს“, – განაცხადა საპასუხოდ Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Twitter-ის ბევრი მომხმარებელი ახალ პლატფორმაზე გადაერთვება სწორედ იმ უკმაყოფილების გამო, რომელიც მასკის მიერ სოციალური ქსელის ყიდვის შემდეგ დაინერგა.

ილონ მასკმა თავისი საქმიანობა თანამშრომლების თითქმის ნახევრის გათავისუფლებით  დაიწყო. ამას მოჰყვა ფუნქციონალის შეზღუდვა უფასო ანგარიშის მფლობელთათვის, რომელთაც Twitter Blue-ს სერვისის ფასიანი ვერსიის ყიდვას აიძულებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა იყო. ამასთანავე, მასკმა მორიგი შეზღუდვა დააწესა. ეს ეხება ტვიტების დღიური რაოდენობის ლიმიტს, რომელიც უფასო ანგარიშებიდან არის ხელმისაწვდომი.

 

როგორ მუშაობს Threads-ი?

 

Twitter-ის მსგავსად, Threads-ი შექმნილია მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაცვლელად და მომხმარებელს მათი მოწონება, დაკომენტარება ან გაზიარება შეუძლია. პოსტები 500 სიმბოლოთია შეზღუდული. Threads-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია 100-ზე მეტ ქვეყანაში, თუმცა ციფრული ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის გამო, ევროკავშირში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. მომხმარებლები, რომელთაც უკვე აქვთ ანგარიში „ინსტაგრამზე“, პლატფორმაზე შესვლას უკვე არსებული მონაცემებით შეძლებენ. სპეციალური პარამეტრები საშუალებას იძლევა, შინაარსი ორივე პლატფორმაზე ერთდროულად დაკოპირდეს. ეს ფუნქცია მოიცავს პოსტებს, ბმულებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ხუთ წუთამდე ხანგრძლივობით.

Threads-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკონტროლონ ვის შეუძლია მათი „ხსენება“  პოსტებში და მოდერაცია გაუწიონ იმ პოსტებზე პასუხებს, რომლებიც გარკვეულ სიტყვებს შეიცავს. ჯერჯერობით სისტემა არც ისე შეუფერხებლად მუშაობს: თავდაპირველი მომხმარებლები სურათების ჩატვირთვის პრობლემაზე საუბრობდნენ. დეველოპერები მიესალმებიან ნებისმიერ უკუკავშირს, რომელიც მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. Meta არ არის ერთადერთი კომპანია ბაზარზე, რომელიც Twitter-ს კონკურენციას უწევს. იქამდეც გამოჩნდა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Mastodon-ი, Spill-ი და Truth Social-ი მსგავსი ფუნქციონალითა და ამოცანებით, მაგრამ მათ მასკის კომპანიისთვის რეალური საფრთხე ვერ შექმნეს. სხვათა შორის, არაერთი ექსპერტისა და თუ ინვესტორის აზრით, Threads-ი შეიძლება გახდეს ნამდვილი “ტვიტერის მკვლელი”.

 

უჩივლებს თუ არა მასკი ცუკერბერგს?

 

Meta-ში არ მალავენ, რომ ახალი სოციალური ქსელი Twitter-ის უშუალო კონკურენტად არის ჩაფიქრებული. გამოცემა Semafor-ის ინფორმაციით, Threads-ის გაშვებიდან რამდენიმე საათში, Twitter-ის ადვოკატებმა Meta-ს მფლობელს – მარკ ცუკერბერგს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც კომპანია “კომერციული საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ და მიზანმიმართულ მითვისებაში” დაადანაშუალეს.

წერილში Twitter- ი ცუკერბერგისგან ითხოვს, „დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები“, რათა შეწყვიტოს კომპანიის კომერციული საიდუმლოების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოთი ემუქრება. როგორც Twitter-ის ადვოკატები ამტკიცებენ, Meta-მ ახლახან დაიქირავა ილონ მასკის კომპანიის ათობით ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა. იურისტების თქმით, სწორედ მათ დაევალათ შეემუშავებინათ აპლიკაცია, რომლის მიზანიც Twitter-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით Meta-მ განაცხადა, რომ აპლიკაციის შემუშავებაში Twitter-ის არც ერთი ყოფილი თანამშრომელი არ მონაწილეობდა.

ანალიტიკოსების აზრით, Meta-მ Threads-ის გაშვებისთვის “იდეალური მომენტი” აირჩია იმის გათვალისწინებით, თუ რაც ხდება Twitter-ზე ბოლო დროს. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა შეიძინა, მან დაიწყო ფართომასშტაბიანი ტრანსფორმაციები, რაც ბევრ მომხმარებელს არ მოეწონა.

 

შედგება თუ არა მასკისა და ცუკერბერგის დუელი საჭიდაო რინგზე?

 

რამდენიმე კვირის წინ, ახალი სოციალური ქსელის გაშვების შესახებ ჭორების ფონზე, მასკმა ცუკერბერგი საჭიდაო რინგზე გამოიწვია. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ Meta-ს დამფუძნებელთან “გალიაში ჩხუბისთვის მზად იყო“. ცუკერბერგმა მასკს ლოკაციის გაგზავნა სთხოვა, პასუხად კი მიიღო: ოქტაგონი, ლას-ვეგასი.

მას შემდეგ ქსელში ამ დუელის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო. მთავარმა ბუკმეკერებმა შესაძლო შედეგზე ფსონების მიღებაც დაიწყეს. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ორივე მილიარდერს ესაუბრა და ისინი აღნიშნულ ორთაბრძოლას “აბსოლუტურად სერიოზულად” უყურებენ. თავის მხრივ, მასკის ბიოგრაფმა უოლტერ აიზექსონმა განაცხადა, რომ ამ შერკინების ალბათობა “ნულის ტოლია” და მასკის გამოწვევა არის “მეტასთან“ ბრძოლის მეტაფორა”. პირველადი ინფორმაციის შემდეგ, თავად მილიარდერებს განცხადება აღარ გაუკეთებიათ.