იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს – დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დანაშაულში ამხილა.

„დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

ცნობისთვის, ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცველია მხილებული.