სამკაულების ქურდობა იტალიაში – დაკავებულია 2 ქართველი ქალი

იტალიაში აველინოს პროვინციაში, ორი ქართველი ქალი, საიუველირო მაღაზიის ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოძიება აველინოში საიუველირო მაღაზიის მფლობელის ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელიც აღნიშნავდა, რომ ორი ქალი გამყიდველს შესვლისთანავე სთხოვდნენ, რომ ახლოდან ენახათ რამდენიმე ოქროს ყელსაბამი. მისივე თქმით, სანამ გამყიდველი სხვა კლიენტებს ემსახურებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა მოიპარა ძვირფასეულობა და სავარაუდოდ შარვლის ჯიბეში დამალა. შემდეგ კი ქალებმა თქვეს, რომ ამჯერად არაფერს შეიძენდნენ და რომ მოგვიანებით დაბრუნდებოდნენ.

საიუველირო მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვის შემდგომ, სამართალდამცავებმა 25 და 30 წლის ქართველი ქალების სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკისას მათ მოპარული ძვირფასეულობა იპოვეს, ამასთან ერთად იპოვეს სუპერმარკეტიდან მოპარული პროდუქტებიც. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალებმა ასევე გაქურდეს აველინოს პროვინციაში, ქალაქ ირპინოში მდებარე სუპერმარკეტებიც.

მოპარული საქონელი მათ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. საქმე აველინოს პროკურატურაში განიხილება. ამ დროისთვის უცნობია რამდენი წლიანი პატიმრობა ემუქრებათ ქართველ ქალებს.