დენგეს ციებ-ცხელება მსოფლიოს ნახევარს ემუქრება – ჯანმო

მსოფლიოში მკვეთრად იზრდება დენგეს ციებ-ცხელების ფაქტები და წელს ის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, მიზეზი კი გლობალური დათბობაა, რომლის გამო დენგეს გადამტანი კოღოები სწრაფად მრავლდებიან. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჯანმოს ცნობით, 2000 წლიდან დენგეს ციებ-ცხელების შემთხვევები რვაჯერ გაიზარდა და ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 4,3 მლნ შეადგინა. ეს ყველაზე სწრაფად გავრცელების უნარის მქონე ტროპიკული დაავადებაა და „პანდემიის რისკებს შეიცავს“.

რისკის ჯგუფში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი შედის. დაავადება სუდანიდან გავრცელდა, შემდეგ ევროპას მოედო და მისი შემთხვევები ოკეანეს მიღმა, პერუშიც დაფიქსირდა, სადაც საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდა.

ჯანმოს ცნობით, ეს დაავადებაც ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, ის 1%-ს შეადგენს.

ბუნებრივია, დაავადება უფრო აქტიურად მესამე სამყაროს ქვეყნებში ვრცელდება, სადაც სანიტარიული პირობები, ასევე მედიცინის ზოგადი დონე საკმაოდ დაბალია.