აფრიკის ბევრმა ქვეყანამ რუსეთს მარცვლეულის უფასო მიწოდების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ოლეგ ოზეროვმა განაცხადა.
„აფრიკის ქვეყნებიდან მიღებული თხოვნები მუშავდება. ეს ერთბაშად არ შეიძლება მოხდეს. მათზე გადაწყვეტილებები მიიღება და შეძლებისდაგვარად განხორციელდება“, – აღნიშნა ოლეგ ოზეროვმა.
მისი თქმით, ბევრმა აფრიკის ქვეყანამ ასეთი თხოვნით მიმართა რუსეთს.
„აფრიკის კონტინენტზე შიმშილის მხრივ მდგომარეობა სერიოზულია. განსაკუთრებით საჰარა-საჰელის რეგიონში. არის ძალიან დიდი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, კონფლიქტების შედეგად მოსახლეობის მასების გადაადგილებას, ბუნებრივ მოვლენებს. მაგალითად, კალიების შემოსევა, გვალვა, წყალდიდობა და ა.შ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა.