რუსეთში გაწვევის ასაკი 27-დან 30 წლამდე გაიზრდება

2024 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 18-30 წელი იქნება. აქამდე ის 18-27 წელს შეადგენდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

თავდაპირველად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები გაწვევის ქვედა ზღვრის 21 წლამდე გაზრდას გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს აღარ მოხდა და გაწვევის ქვედა ზღვარი უცვლელი დარჩა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტმა და 25 ივლისს პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცებენ.

„ქვედა ზღვარი უცვლელი დარჩება – 18 წელი. ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრს სურს ჯარში წასვლა 18 წლის ასაკში“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა.