აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ მექსიკაში დაფიქსირებული ექსტრემალური ტემპერატურა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების გარეშე.
ამის შესახებ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის World Weather Attribution-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც The New York Times აქვეყნებს.
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ჩინეთში სიცხის ტალღა 50-ჯერ უფრო ხშირად იყო გამოწვეული კლიმატის ცვლილებით.
მასალაში წერია, რომ შეერთებულ შტატებში, ფენიქსში ტემპერატურამ 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ფარენჰეიტით 110 გრადუსს ან მეტს მიაღწია, რაც დაახლოებით 43 გრადუსია ცელსიუსით. სამხრეთ ევროპის ბევრ ადგილას რეკორდული სამნიშნა ტემპერატურა აღინიშნება. ჩინეთში, სინციანში 126 გრადუსი დაფიქსირდა და ეროვნული რეკორდიც მოიხსნა.
როგორც World Weather Attribution-ის თანადამფუძნებელი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის კლიმატოლოგიის უფროსი ლექტორი, ფრიდერიკ ოტო ამბობს, “კლიმატის ცვლილების გარეშე ჩვენ ამას საერთოდ ვერ ვნახავდით”.
თუმცა, მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები აგრძელებენ წიაღისეული საწვავის წვას და ატმოსფეროში სასათბურე გაზების გამოყოფას, ექსტრემალური სიცხის შანსები შენარჩუნდება მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას შევაჩერებთ, რადგან მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო არ გაიზრდება, თუმცა, არც დაიკლებს”.
„სიცხის ამჟამინდელ ტალღებთან ცხოვრება მოგვიწევს”, – ამბობს ოტო.
World Weather Attribution-ის კიდევ ერთმა მკვლევარმა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის კლიმატის ცენტრის დირექტორმა, ჯული არიგიმ თქვა, რომ “არსებობს, სიცხესთან დაკავშირებული მზარდი რისკები. ეს მომაკვდინებელია”.
მან ხაზი გაუსვა ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსტრემალურ სიცხესთან ადაპტაციის აუცილებლობას, ამავდროულად, სათბურის გაზების შემცირებას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბევრმა ადგილობრივმა და ეროვნულმა მთავრობამ, განსაკუთრებით – ,ევროპაში, შეიმუშავა სიცხესთან გამკლავების სამოქმედო გეგმები, რომლებიც მოიცავს საზოგადოებრივი გაგრილების ცენტრების შექმნას, ასევე, ადრეულ გაფრთხილებას და კოორდინაციას სოციალურ სამსახურებსა და საავადმყოფოებს შორის. მაგრამ იქაც კი, სადაც ეს პროგრამები არსებობს, ისინი არ არის სრულყოფილი და ამ დროისთვის, მაღალი ტემპერატურისგან გარდაცვალება მაღალი რჩება.
მიმდინარე თვეში სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, მაგალითად, მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანი სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით უკვე გარდაიცვალა.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, შარშან ევროპაში სიცხისგან, დაახლოებით, 61 000 ადამიანი დაიღუპა.