ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი, სიცოცხლის ბოლომდე ქართველი ადამიანის მადლიერი გახლდათ. პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ სწორედ ქართველების დამსახურება იყო მისი როგორც პიროვნების იერარქიულ კიბეზე აღზევება. დიდი სამამულო ომის დროს მომავალ გენერალურ მდივანს ლეგენდარულ ქართველ გენერალთა კონსტანტინე ლესელიძესთან ერთად მოუწია მოღვაწეობა. მათი გზები 1943 წლის დასაწყისში გადაიკვეთა, როდესაც ქართველ სამხედროს მე-18 არმიის მმართველობა ჩააბარეს. სწორედ ლესელიძემ წინ წასწია ახალგაზრდა ილიჩი და მას არმიის პოლიტგანყოფილების ხელმძღვანელობა ჩააბარა.
პოლკოვნიკ ბრეჟნევზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველის გამბედავმა ხასიათმა და ეტყობა სწორედ ამიტომაც 1971 წლის 14 მაისს, უკვე გენერალური მდივნის რანგში საჯაროდ განაცხადა:
– ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ისეთ ნიჭიერ საბჭოთა მხედართმთავართან ერთად ბრძოლა ფრონტზე, როგორიც იყო გენერალ-პოლკოვნიკი ლესელიძე. ის ქართველი ხალხის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ნამდვილი გულადი, მტრების მიმართ დაუნდობელი, ამავდროულად მეგობრების მიმართ ყურადღებიანი, სიტყვის ადამიანი, მჭერმეტყველი და გულიანი.
ომის შემდეგ, ამხანაგი ხრუშჩოვი კი თავის მხრივ რატომღაც ლიონიას დაწინაურებაზე ზრუნავდა. მარტივი ენით, ახალგაზრდა გენერალ-მაიორს საკუთარ კადრად მიიჩნევდა. 1950 წლის 26 ივნისს, საბჭოთა ბელადმა სტალინმა ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი მოლდავეთის სსრ პირველ მდივნად დანიშნა. კარიერულ წინსწვლაში კი აღნიშნული პოსტი შეიძლება დიდ ტრამპლინად ქცეულიყო ყოფილი სამხედროსთვის. სტალინი თავიდანვე დადებითად განეწყო სამამულო ომის მონაწილეს მიმართ. გაიგო ისიც, რომ კონსტანტინე ლესელიძე აქებდა საკუთარ პოლიტხელს ცამდე.
საბჭოური კგბ-ს შეფი სემიჩასტნი იხსენებდა:
– ბრეჟნევი პირველივე დღიდან მონდომებული იყო სტალინის სახელის რეაბილიტაცია მოეხდინა. მის სახელს ის მოწიწებით მოიხსენიებდა. ერთხელ საუბრის დროს, პოლიტბიუროს წევრებს სრულიად ფხიზელმა მოგვახალა: – სტალინმა ბევრი რამ გააკეთა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მისი წინამძღოლობით ქვეყანამ ამხელო ომი მოიგო. თაობებისთვის სტალინის სახელი უკვდავი იქნება. აი მე კი, როდესაც აღარ ვიქნები, ხალხი მალევე დამივიწყებს, მას კი არა ! არ გახსოვთ თუ, სტალინის სახელის შეძახილით, მეომრები სიკვდილს ხვდებოდნენ. გამონაკლისი ამ მხრივ, არც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო…
პირველად ახალგაზრდა გენერალური მდივანი საქართველოს სსრ -ს 1966 წლის 31 ოქტომბერს ესტუმრა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მოსკოვი-თბილისის მატარებლით. იმ პერიოდში ლეონიდ ილიას ძე დიდ პატივს სცემდა ქართველთა პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს. სტუმრის არ იყოს, მჟავანაძეც გენერალი გახლდათ და 1964 წლის კრემლის თამაშებში ერთერთი წამყვანი როლი ითამაშა, როდესაც, ხრუშჩოვის გადაყენების საკითხი წამოაყენა და ღიად მხარი ბრეჟნევს დაუჭირა. გენერალურმა მდივანმა საჩუქრად საბჭოთა საქართველოს ლენინის ორდენი ჩამოუტანა.
საპატიო სტუმრის სადღესასწაულო სიტყვა გამოდგა შთამბეჭდავი:
– ამხანაგებო, დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა, რომ მის სამშობლოს, საქართველოს ყოლოდა 20-30 ქართველი ინჟინერი. დღეს კი აქ, რესპუბლიკაში უკვე ათი ათასობით ინჟინერი გყავთ. ყოველ ათას მოქალაქეზე 45 უმაღლესი განათლებით პირი მოდის.
ქართველი მშრომელის ყაირათიანი ხელებიც შეაქო და დასძინა, რომ სწორედ მათი დამსახურება იყო სუბტროპიკულ ზონაში მანდარინის, ფორთოხლის და ლიმონის მოსავალის მიღება. არც შოთა რუსთაველი დავიწყებია ბრეჟნევს. არადა ჩამოსვლამდე დღით, ადრე საქართველოს სსრ-ში დიდი მგოსანის 800 წლის იუბილე იქნა აღნიშნული:
– რუსთაველი თავისთავად ქართველია, მაგრამ ის და მისი შემოქმედება ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს საკუთრებაა. ასე ამაყად ბრძანა ამხანაგმა ბრეჟნევმა.
კმაყოფილმა დატოვა გენერალურმა მდივანმა თბილისი. მოსკოვში სამთავრობო Ил 18 ლაინერით არჩია უკან დაბრუნება. გადაიღალა …
1971 წელს საქართველო გასაბჭოების 50 წლისთავს აღნიშნავდა. დიპლომატიური ეთიკა მოითხოვა პირველი პირის საბჭოთა თბილისში სტუმრობას. ბრეჟნევმა არ დაახანა და ამავე წლის 13 მაისს ახალი სამთავრობო ლაინერით Ил 62 ეწვია დედაქალაქს. ამჯერადაც საჩუქრით ჩამოვიდა – ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ორდენით. ელიტამ მას დაუვიწყარი კონცერტი მოუწყო. ლეონიდს ნანი ბრეგვაძე მოსწონებია. რატომღაც მას ნონათი მიმართავდა და არა ნანით. წაიკეკლუცა კიდეც, მარჯვენა ხელი ბეჭდის გარეშე უჩვენა რომანსების შემსრულებელ ქართველ მომღერალს. მეორე დღეს დედაქალაქში ხმა გავარდა, ნანი ბრეგვაძეს ხელი სთხოვა ლეონიდმაო… თბილისში ვიზიტს, გენმდივანის ახირებაც მოჰყვა. აქაოდა შავნაბადაზე ქართველებს საუკეთესო ახალგაზრდული ქალაქი გაგიშენებიათ და იქ უნდა გაიშალოს ბანკეტიო. ასეც მოხდა. სუფრაზე მცირე კაზუსი გათამაშდა. მჟავანაძემ რატომღაც მორიგი სადღეგრძელოს დროს ხრუშჩოვი ახსენა, თუ რაოდენ ცუდად ცხოვრობდა ხალხი მისი მმართველობის პერიოდში. ლეონიდმა სასმისი ასწია და შეაგება ქართველს – ვასია (ასე მიმართავდა მჟავანაძეს), არ გვინდა ეხლა აქ ნიკიტაზე საუბარი. უმჯობესი იქნება, რაიმე ვიმღეროთ.
სულ რაღაც წელიწადის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ ძირი საბოლოოდ გამოუთხარა მისივე შემქნელს ვასილ მჟავანაძეს, თუმცა აქაც კრემლის მმართველმა ივაჟკაცა და საპატიო პენსია დაუნიშნა ერთ დროს საქართველოში ყოვლისშემძლე გენერალს.
მესამედ კი გენერალური მდივანი საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავზე ეწვია. ძლიერ ავადმყოფობდა ერთ დროს ლაღი ბრეჟნევი. მეუღლე ვიქტორია პეტროვნა მას სიგარეტის მოწევას უშლიდა. თავად კრემლის მმართველი აქაოდა ემორჩილებოდა პირველი ლედის ბრძანებას და ტრადიციულად სრულ ხელფასს 1 500 მანეთს სწორედ მას ანდობდა. იღიმებოდა, ქალმა უფრო კარგად იცის ოჯახში რაა საჭირო და რა არაო. ამჯერად კი მოტეხილ ბრეჟნევს არანაირი ჯილდო არ ჩამოუტანია საბჭოთა საქართველოსთვის, თუმცა გენიალური სიტყვით გამოვიდა საზეიმო სხდომაზე:
– საქართველოს ისტორიული ბედი არ ვითარდებოდა მარტივად. რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ქვეყანა განიცდიდა დამპყრობლების შემოსევას. ქვეყანა ნადგურდებოდა. მაგრამ თქვენი წინაპართა თაობები კავკასიის კლდეებზე მეტად მტკიცენი გამოდგნენ. შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, უნიკალური ეროვნული კულტურა. ჩვენს დიად სამშობლოში ყველამ იცის, რომ საქართველო სამყაროს ულამაზესი კუთხეა, სადაც ხალხი გაშლილი გულით ეგებება სტუმარს.
ბრეჟნევს არ გამორჩენია თბილისის დინამოელთა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოსვლა და მოკლედ მიმოიხილა 1981 წლის 13 მაისის უეფას თასის მფლობელთა თასის ფინალი:
- Не подвели и тбилисские динамовцы: овладели одним из самых почетных европейских призов. Не зря мы все за них болели საზეიმო ბანკეტზე კი უკვე ასაკში შესული და შემოსძახა – იუბილეის საპატივცემულოდ, დავლიოთ არწივებო !
თანაშემწეებიდან მას საქართველოში ანდრეი ალექსანდროვი ახლდა. ამიერკავკასიის რესპუბლიკაში გამომგზავრებამდე მას ინსტრუქტაჟი ჩაუტარა ვიქტორია პეტროვნამ, აქაოდა ჩემს მეუღლეს შეახსენე რომ მისთვის დალევა აკრძალულიაო. ასეც მოხდა, მაგრამ კრემლის პატრონმა მას სირჩის არაყით შევსება დაავალა. რა გაეწყობოდა. ზავოდოვოს აგარაკზე დაბრუნებული ლიონია არ უმალავდა მეუღლეს, რომ მისი ინსტრუქცია დაარღვია თბილისში და მეგობრებთან ერთად აღნიშნა საქართველოს სსრ იუბილე.
ხრუშჩოვის პენსიაში გაშვების შემდეგ, ბრეჟნევი მისი წინამორბედის დანიშნულ კადრებს დაერია კრემლში. რეპრესირებულთა სიაში კი არ მოხვდა ცკ პრეზიდიუმის მდივანი მიხეილ გიორგაძე. ახალი გენერალური მდივანი ქართველს პედანტად მიიჩნევდა და კიდეც ამბობდა, რომ მისი განთავისუფლებით პრეზიდიუმის მუშაობა ჩიხში შევიდოდა. ზავიდოვოს სამთავრობო აგარაკზე ნადირობის დროს მოკლული ნანადირევის ნაწილს თავადვე ქვეყნის პირველი მონადირე ანაწილებდა და ამ სიაში მუდამ იყო კრემლის ქართველი მდივანი.
და მაინც, ბრეჟნევი მის აღზევებას ამხანაგ სტალინს უკავშირებდა. არ ივიწყდება მის ცხოვრებაში პირველ ქართველს და უშუალო ხელმძღვანელს გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს. 70 იანებში საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა. იქვე გაიხსენა მისი თანაფრონტელი გენერალის შვილი, პოლკოვნიკი ოთარ ლესელიძე, რომელიც იმ შორეულ 1943 წელს მე-18 არმიაში რიგითად ჩაეწერა. გულთბილი შეხვედრაც შედგა მათ შორის.
ბაძავდა თუ არა ლეონიდ ბრეჟნევი სტალინს ? თავისთავად ბაძავდა… მან პარტიული და სამთავრობო ქვეყნის მართვის საჭე ერთ წრეში მოაქცია და დაეპატრონა. ამით მან დიდი ბელადის მანევრი გაიმეორა. მომავალში არავის ფიქრადაც არ მოუვიდოდა, პრეტენზია განეცხადებინა ამა თუ იმ პოსტზე. 1977 და 1978 წელს არაერთხელ ჩანიშნა ბრეჟნევმა პოლიტბიუროს სხდომა. მეუღლე თხოვდა, რომ გადამდგარიყო და ვინმე ახალგაზრდისთვის დაეთმო ქვეყნის მმართვა. ვიქტორია პეტროვნა დინჯი და ჭკვიანი ქალბატონი გახლდათ და პირველ რიგში თანამეცხედრეს ჯანმრთელობა აღელვებდა. დაემორჩილა კიდეც, მაგრამ თანაპარტიელმა ამხანაგებმა არ დაანებეს მას პენსიაზე გასვლა. ჩერნენკოსთან და ანდროპოვთან ერთად აქტიურობდა გიორგაძეც. მომავალში ჩერნენკო გაიხსენებს ქართველი ადამიანის ბუნებას და ერთგულებას …
ფაქტია, სიტყვას საქმე მოყვებოდა და ქართველი ადამიანის გაშლილი ხელით აღფრთოვანებული გენერალური მდივანი მუდამ ახალისებდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას. მისი მმართველობის წლებში ჩვენი სამშობლოს ბიუჯეტი არაერთხელ გაზრდილა. ახალი სამოქალაქო ლაინერებით საქართველოს სსრ აეროფლოტის პარკი ყოველწლიურად ახლდებოდა. 1975 წელს ქართველებს ამერიკული თამბაქოს ბრენდის მალბოროს წარმოება მიანდო სოხუმში.
1974 წელს ბიჭვინთაში ბრეჟნევმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ლაჟვარდოვანი შავი ზღვის სანაპიროზე, კრემლის მბრძანებელმა და მისმა ხელქვეითმა ედუარდ შევარდნაძემ ერთად გაისეირნეს. ქართველმა ჩინოსანმა ყოვლისშემძლე სტუმარს შეახსენა, რომ მის ჯანმრთელობას მუდამ წაადგებოდა საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში დასვენება, რაზეც პასუხი მიიღო: – აქ დასვენება ხრუშჩოვს უყვარდა. სწორედ ამიტომაც ვამჯობინებ მუდამ ყირიმში განტვირთვას. აჯობებს თბილისში დამპატიჟოთ.
კრემლში კი ბრეჟნევის ქართველებისადმი სიყვარული სხვა ჩინოსნებსაც გადაედოთ. ბრეჟნევის ცხედარი ჯერ გაციებული არ იყო, რომ მოულოდნელად სხდომის დარბაზში ცუდად შეიქმნა და გარდაიცვალა მიხეილ გიორგაძე. ჩერნენკოს ბევრი არ უფიქრია და შევარდნაძეს გადაურეკა:
– თბილისში სუფრაზე, ახოვანი ქართველი რომ იყო თამადა ხომ გახსოვთ ? რა გვარია ? დიახ მენთეშაშვილი. გიორგაძე გარდაიცვალა და მინდა მისი ადგილი დაიკავოს ამ ქართველმა თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ხვალვე ველოდები სამუშაო ოთახში.
24 ნოემბერს თბილისი – მოსკოვის დილის 924-ე რეისის ტუ 154 ბორტზე თენგიზ მენთეშაშვილი ავიდა. იმავე დღეს ის ცკ პრეზიდიუმის მდივნად დანიშნეს მოსკოვში. ჩერნენკოს ჩაფიქრებული ქონდა ქართველების მიმართ იგივე ხაზის გატარება, რასაც ბრეჟნევი აწარმოებდა. მეტიც, მას სურდა სტალინის სახელი ამჯერად აღედგინა და წინ წამოეწია – ვოლგოგრადი სტალინგრადად გარდაექმნა. წინაპირობად რატომღაც საბჭოთა კავშირის ლეგენდარული საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის მოლოტოვის სიცოცხლეშივე რეაბილიტაცია ქონდა ჩაფიქრებული. ასეც მოხდა. პარტიაშიც აღადგინეს სტალინელი ლომი, თუმცა მეტის გაკეთება საკუთარ სიცოცხლეში ვეღარ მოასწრო ჩერნენკომ, რომლის აღმასვლა ბრეჟნევის სახელს უკავშირდებოდა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
ბექა კვიციანი