“ლელოს” მაჟორიტარობის 25 კანდიდატს შორის 6 ქალია

“ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა, რომელთა შორის 6 ქალია.

“ლელოს” მაჟორიტარობის ქალი კანდიდატები არიან:

1. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.

2. ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

3. ეკა ქვლივიძე – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში.

4. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი.

5. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.

ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

“აიპრესი”