ესტონეთის პოლიციამ უკრაინელი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო დააკავა, რომელმაც ესტონეთში რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა

ესტონეთის პოლიციამ უკრაინელი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო დააკავა, რომელმაც ესტონეთში რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა.

როგორც ტალინის პოლიციაში განმარტეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რომელი მუხლით, სამართალდამცავ სტრუქტურაში არ აკონკრეტებენ.

ბაბჩენკოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს რომ ის ტალინში, პოლიციის მანქანაში ზის.

არკადი ბაბჩენკო ჩეჩნეთში კონფლიქტის დროს „მოსკოვის კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა. ის თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და სხვა გამოცემებთან.

ბაბჩენკო ცნობილია პუტინის ხისტი კრიტიკით. 2017 წელს მან თქვა, რომ რუსეთი დატოვა, რადგანაც საფრთხე ემუქრებოდა.

2018 წელს უკრაინის სპეცსამსახურებმა ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. კიევში განმარტეს, რომ ეს საჭირო იყო მისი მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ არკადი ბაბჩენკომ უკრაინა დატოვა.

2020 წელს ბაბჩენკო რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. 2023 წელს კი რუსეთი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე ძებნა გამოაცხადა. 2023 წლის აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბაბჩენკო „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.

ამჟამად ბაბჩენკო ესტონეთში ცხოვრობს და რეგულარულად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ომის გამო.