ცხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას აფასებს.
როოგრც „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომზადდა რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).
„სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმაც ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ ზეპირ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა. სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.
დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: „ღია საზოგადოების ფონდი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საფარი“. ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.