გრიგოლ გეგელია – ხელისუფლების რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კრემლის რიტორიკასთან

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება კრემლის სახელმძღვანელოდან მიღებული კიდევ ერთი პოლიტიკური დავალებაა.

როგორც ის აცხადებს, ეს არის კრემლის მეთოდი და სწორედ ის რუსული ნარატივი, რომელიც არაერთგზის გამოყენებულა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტზე რუსეთის მიერ არაპროვოცირებული თავდასხმების გასამართლებლად.

„ხელისუფლების რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კრემლის რიტორიკასთან. მათი მიზნები თანხვედრაშია კრემლის მიზნებთან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც იცავს რუსებს და ომს უცხადებს საკუთარ ხალხს, იცავს მტრის ინტერესებს და ომს უცხადებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს“, – აცხადებს გეგელია.