ევროკომისიის განცხადებით, დღეს ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო

ევროკომისიის განცხადებით, დღეს ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

„სანქციების თანახმად, გაფართოებულია ბელარუსში კრიტიკული საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტზე აკრძალვა, რომლებიც ამ ქვეყნის სამხედრო და ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შემოღებულია დამატებითი აკრძალვა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, საქონლის, ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელთა გამოყენება ავიაციაში და კოსმოსურ დარგში არის შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმთან შესაბამისობაში მოიყვანა.