ბაიდენის ოჯახის ბიზნესმა რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან 20 მილიონი დოლარი მიიღო – Newsmax

აშშ-ის კონგრესის  წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა საბანკო ანგარიშები წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი ოჯახის კომპანიამ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან 20 მლნ. აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Newsmax იუწყება.

„კომიტეტმა დაადგინა, რომ ბაიდენის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ამ ქვეყნებიდან 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღეს“, – წერია ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი ბაიდენების სახელს, როგორც ბრენდს ყიდდა და ამაში ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის ოლიგარქებისგან მილიონებს იღებდა. არანაირი რეალური მომსახურების უზრუნველყოფა არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ ამ პირებს ბაიდენის ქსელისადმი წვდომა ჰქონდათ და ამ პროცესში თავად ჯო ბაიდენი იყო ჩართული,“ – აცხადებს ჯეიმს კომერი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰანტერ ბაიდენის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა დევონ არჩერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის არაერთი განცხადების მიუხედავად, ის ჰანტერ ბაიდენის და მისი საქმიანი პარტნიორების შეხვედრებს და ვახშმებს რამდენჯერმე დაესწრო და რომ ბაიდენის ოჯახი ფულს იმაში იღებდა, რომ ამ უცხოური კომპანიების შესახებ დადებით სიგნალებს აგზავნიდა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ობამას დონეზე. კომერს აქვს რესტორნების ქვითრები, სადაც ფიგურირებს ჯო ბაიდენის სახელი.

„ერთ-ერთი ასეთი საქმიანი სადილი Café Milano-ში გაიმართა, სადაც მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სხვადასხვა ქვეყნის ოლიგარქებთან ერთად სადილობდა და ეს ადამიანები მის შვილს ფულს ურიცხავდნენ. ჯო ბაიდენმა თავისი შვილის საქმიანი ურთიერთობების შესახებ კარგად იცოდა და უფლებას აძლევდა, რომ მისი სახლი „ბრენდის“ სახით ყოფილიყო გამოყენებული, რაც ბაიდენების ოჯახის გამდიდრებას ემსახურებოდა“, – აცხადებს კომერი.

ჯეიმს კომერის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი ფულად ნაკადებს კვლავ ყურადღებას მიაქცევს, რათა გაირკვეს, არის თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი კორუმპირებული ან კომპრომეტირებული, ხოლო აშშ-ის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ არის.

ჯეიმს კომერის კომიტეტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:

  • ჰანტერ ბაიდენის და დევონ არჩერის კომპანია Rosemont Seneca-მ უცხოეთიდან დიდი რაოდენობის თანხებს იღებდა და მათი წარმომავლობის და ოდენობის დამალვას ცდილობდა
  • რუსმა მილიარდერმა ელენა ბატურინამ ყალბ კომპანიას Rosemont Seneca Thornton-ს 2014 წლის თებერვალში 3,5 მლნ აშშ დოლარი გადაურიცხა, ხოლო 2014 წლის მარტში ვლადიმერ პუტინმა უკრაინული ყირიმი ხელში ჩაიგდო, რასაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე 1 მლნ. დოლარი დევონ არჩერს გადაურიცხეს. ჰანტერ ბაიდენი და დევონ არჩერი კომპანიას Rosemont Seneca Bohai-ს საზღვარგარეთიდან ფულის მისაღებად იყენებდნენ. ბატურინა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქვრივია. ლუჟკოვი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, 2019 წელს გარდაიცვალა
  • 2014 წლის გაზაფხულზე დევონ არჩერი და ჰანტერ ბაიდენი უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის, Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრები გახდნენ. კომპანია მათ ყოველწლიურად 1 მლნ. აშშ დოლარს უხდიდა. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სწორედ ამ დროს უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა
  • თანხები Rosemont Seneca Bohai-ის ანგარიშზე ჩაირიცხა და შემდეგ ეტაპობრივად დევონ არჩერისა და ჰანტერ ბაიდენის საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა
  • ასევე, 2014 წელს ჰანტერ ბაიდენი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს კენეს რაკიშევს ვაშინგტონში შეხვდა. იმ დროს ჰანტერ ბაიდენის სპორტული ავტომობილის თანხა (142 ათას 300 დოლარი) Rosemont Seneca Bohai-ის ანგარიშზე გადაირიცხა. სწორედ ამ ფასის სპორტული ავტომობილი ჰანტერ ბაიდენმა მომდევნო დღეს შეიძინა
  • ამ პირდაპირი საჩუქრის შემდეგ Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრები დევონ არჩერი და ჰანტერ ბაიდენი 2014 წლის ივნისში ყაზახეთში გაემგზავრნენ, სადაც Burisma-ს, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასა და ყახაზეთის მთავრობას შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა
  • ამ კომპანიების წარმომადგენლებთან 2014 და 2015 წლებში აშშ-ის მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საქმიანი სადილები ჰქონდა