შოვში სტიქიის ზონაში 22-ე ცხედარი და სხეულის ცალკეული ფრაგმენტი იპოვეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაცია Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ცნობით, ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი.

ამასთან, ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედრის ცალკეული ფრაგმენტი.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, ადამიანის ცხედარი სტიქიის ზონიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო სხეულის ფრაგმენტი 24 კილომეტრის დაშორებით იპოვეს მაშველებმა. 

„ერთი ცხედარია ნანახი და დამატებით, არის სხეულის ფრაგმენტი – ქვედა კიდური. ცხედარი იპოვეს სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით და ქვედა კიდური 24 კილომეტრის დაშორებით“, – ამბობს თემურ მღებრიშვილი.

მისივე თქმით, მონიტორინგის სამუშაოები სტიქიის ზონიდან 54 კილომეტრის რადიუსში განხორციელდება პერმანენტულად.

„მდინარე მეტ-ნაკლებად უკვე დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვილია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორები და ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი.  მონიტორინგი არ არის ისე, რომ ერთხელ განხორციელდა და დავასრულეთ. მონიტორინგი იქნება იქამდე, ვიდრე ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს და ეს იქნება 54 კილომეტრიანი პერიმეტრი“, – ამბობს თემურ მღებრიშვილი.