2008 წლის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.
„ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი უხეში დარღვევის გამო. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შემოჭრას, ადგილზე სამხედრო მობილიზებას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეფექტური კონტროლის განხორციელებას, ასევე რუსეთის ნაბიჯებს ამ ქართული რეგიონების ანექსიისკენ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელ აგრესიასთან პარალელურად მიმდინარეობს, სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში გაგრძელებას, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით გაძლიერებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ე.წ. გადაკვეთის პუნქტების მუდმივ დაკეტვას, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას და ადგილობრივებში განათლებისა და მშობლიური ენის სწავლის აკრძალვას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებების განზრახ დაზიანებას“, – განაცხადა გაერო-ში ალბანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიტ ხოჯამ შეხვედრის შემდეგ.