მიხეილ სარჯველაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნაზე არასაკმარისი არგუმენტაციაა წარმოდგენილი, ოპოზიციას პერფორმანსების მოწყობის საშუალებას არ მივცემთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ოპოზიციის მხრიდან არასაკმარისი არგუმენტაციაა წარმოდგენილი.

მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, განავითაროს პოლიტიკური შოუ და ყველაფერი გაკეთდეს, რათა პოლიტიკური პერფორმანსი მოეწყოს.
ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს, შეუძლია, ამისთვის ნებისმიერი სხვა ფორმატი გამოიყენოს. არ მგონია, რომ ვინმეს კითხვის არსებობა ავტომატურად საკმარის მიზეზს აძლევდეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს. ალოგიკური და არაბუნებრივი იქნებოდა, იმ რაოდენობის საგამოძიებო კომისიები გვეხილა, რამდენი სადეპუტატო კითხვაც იქნებოდა. ინიციატორმა მხარემ უნდა ახსნას, რატომ არ არის საკმარისი რომელიმე საკითხზე ინფორმაციის სადეპუტატო კითხვით მოძიება. ასეთი ინიციატივის წამოყენება არალოგიკურია, არაბუნებრივია, არასაკმარისი არგუმენტაციაა წარმოდგენილი. თუ რაიმე კითხვა გამოჩნდებოდა, ამისთვის უამრავი სხვა ბერკეტი არსებობს. ეს ხალხი დიდი აჟიოტაჟისა და ამბიციური განცხადებების კეთების მიღმა უარგუმენტოდ დარჩა, რომელთაც დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელება არ ითაკილეს.
სამწუხაროდ, ასეთი ოპოზიცია გვყავს. ოპოზიციის თამაშია, პოლიტიკური პერფორმანსი დადგას, ხოლო თუ პერფორმანსის დადგმის შესაძლებლობა არ მიეცემათ, თქვან, რომ ხელისუფლებას დასამალი თუ არაფერი აქვს, ის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერდა. არ დასმულა არც ერთი ისეთი კითხვა, რაზეც პასუხი არ არსებობს. რომელია ისეთი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა საგამოძიებო კომისიის გარეშე შეუძლებელია და რომელზეც ინფორმაციას საგამოძიებო კომისიის გარეშე ვერ მოიპოვებთ? – ოპოზიციას კანონით დართული ყველა საშუალების გამოყენებით, დეზინფორმაციის ახალი ასპარეზების გახსნისა და პოლიტიკური პერფორმანსების მოწყობის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.