პოლონეთში, კრაკოვის ქუჩებში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში” გაწევრიანების მოწოდებით პლაკატები გამოჩნდა. ამის შესახებ კრაკოვის მუნიციპალიტეტის მრჩეველი, ლუკას ვანტუჩი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს და პლაკატის ფოტოსაც აქვეყნებს.
„ჩვენ აქ ვართ. PMC Wagner ჯგუფი, შემოგვიერთდი“, – წერია პლაკატზე და მასთან ერთად QR კოდია გამოსახული, რომლითაც რუსულენოვან ვებსაიტზე გადადიხარ.
„ეს არის ერთგვარი პროვოკაცია და არა მხოლოდ კრაკოვში“, – წერს კრაკოვის მუნიციპალიტეტის მრჩეველი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომში მონაწილეობდა. ის უფრო ფართოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, 23 ივნისს რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და პასუხად მომდევნო დღეს რუსეთში სამხედრო გადატრიალება სცადა, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა, თუმცა მალევე უკან დაიხია და ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე ცდილობს პოზიციების გამყარებას.