„პრეტორია სრულად უჭერს მხარს ირანის BRICS-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან, შეხვედრაზე. ამის შესახებ TASS წერს.
„სამხრეთ აფრიკა დაინტერესებულია, რომ ირანი BRICS-ის მიერ მეგობარ ქვეყნად იქნეს მიღებული“, – აღნიშნა რამაფოსამ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აფრიკის ქვეყანაში ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ოფიციალური ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ არაერთი დოკუმენტი გაფორმდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკას ორჯერ ეწვევა: 24 აგვისტოს იგი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის მეგობრების სამიტში, ხოლო შემოდგომაზე ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს.
ცნობისთვის, BRICS-ის სამიტი 22-24 აგვისტოს, იოჰანესბურგში გაიმართება და მას სამხრეთ აფრიკა უხელმძღვანელებს.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრის ნალედი პანდორის განცხადებით, სამიტზე BRICS-ის ქვეყნების ლიდერები ორგანიზაციის შესაძლო გაფართოებაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, ასოციაციაში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი 23-მა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა შეიტანა.
BRIC ჯგუფი 2006 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მასში შედიოდა ოთხი ქვეყანა – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. სამხრეთ აფრიკა ასოციაციას 2011 წელს შეუერთდა, სახელიც შესაბამისად შეეცვალა და BRICS-ად გადაკეთდა. იგი 5 სწრაფადგანვითარებად სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.