საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა..
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ,,შეწყალების წესის შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
“აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
,,პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრონციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ
.