4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში ფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 100-ზე მეტი ადამიანი, 4 000 დაშავებულია და მასშტაბური ნგრევის შედეგად, 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ადამიანი, ალბათ, ხეიბრად დარჩება. ეს ყველაფერი კი 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც ლიბანში ბათუმის პორტიდან მოხვდა.
რატომღაც ის ფაქტი, რომ ამონიუმის ნიტრატი ბათუმის პორტიდან შევიდა ბეირუთში, ჩვენთან პოლიტიკურ ასპექტში გადაიტანეს და განიხილეს. ხელისუფლების მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს ქართული მედიის მოგონილი ჭორია და ბეირუთში ეს ტვირთი საქართველოდან არ ჩასულა. გეგონება, ვინმე საქართველოს და მის ხელისუფლებას ადანაშაულებდა იმაში, რაც ბეირუთში მოხდა.
არადა, საქართველოს საზღვაო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, ბათუმიდან მოხვდა. ეს ტვირთი, მის მფლობელ კომპანიას, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა გემით, რომელიც ლიბანის საპორტო კონტროლის სამსახურმა დააკავა.
ამის შემდეგ, ტვირთის მფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ტვირთი დარჩა ბეირუთის პორტში.
შეიძლება ყველაფრისგან დაიცვა ხელისუფლება? ნორმალურია დაიცვა იმისგან, რაც ფაქტია და რასაც არ აბრალებენ? საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, ტვირთი ბათუმიდან მოხვდა ბეირუთშიო და ხელისუფლების „გამპრავებლები“ „ფეისბუკში“ თავს იკლავენ, ტყუილია, ბათუმი არაფერ შუაშიაო. ლიბანის ხელისუფლება საქართველოს არაფერში ადანაშაულებს, ესენი ლოყებს იხოკავენ, ჩვენს მედიას საქართველოს ბეირუთში მომხდარ ტერაქტში ჩათრევა სურსო. არადა, ლიბანის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს.
დიდი ტრაგედია მოხდა ლიბანში და უარესი, შესაძლოა, ბათუმში მოხდეს. ბათუმის პორტში იმაზე ბევრად მეტი ამონიუმის ნიტრატი და სხვა, პოტენციურად ფეთქებადი ნივთიერებები ინახება, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქ აფეთქება მოხდა, ბეირუთი მონაგონი იქნება.
ამ თემაზე „ალიამ“ არა ერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. აჭარაში აქტივისტები იბრძვიან ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უშედეგოდ. არც ცენტრალური, არც ადგილობრივი ხელისუფლება ხელს ან ანძრევს. პირიქით, ყველანაირად უწყობენ ხელს პორტის მფლობელ ყაზახურ კომპანიას, სახიფათო ტვირთები შემოიტანოს პორტში და დაასაწყობოს.
„ალიას“ ირაკლი ჯანყარაშვილი ესაუბრება, რომელიც წლებია იბრძვის ბათუმის პორტში ამ სახიფათო ნარჩენების შემოტანის წინააღმდეგ.
– ირაკლი, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ბათუმში იმაზე უარესი მოხდეს, რაც ბეირუთში მოხდა?
– 2009 წელს ბათუმის პორტი გაიყიდა ყაზახებზე. იმ პერიოდიდან უკვე ვიცოდით, რომ პორტში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა ქიმიური ტვირთები, ბათუმის პორტის ტერმინალის საწყობებში ინახებოდა და მერე გადიოდა სხვა და სხვა ქვეყნებში. ამონიუმის ნიტრატი, ამიაკის სელიტრა, გოგირდი და კარბამიდი შემოდიოდა და დღესაც შემოდის. ლაპარაკია, რომ შემოიტანენ 1 მილიონ 200 000 ტონა ამონიუმის ნიტრატს, საერთო ჯამში, 14 დასახელების ქიმიური ნარჩენები უნდა შემოიტანონ. ამ ინფორმაციას მალავდნენ, ხალხს არ ეუბნებოდნენ. ამბობდნენ, ვითომ მხოლოდ კარბამიდის ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შემდეგ ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ბათუმის პორტსა და ტერმინალის მესვეურთა შორის უნდა გაფორმებულიყო და იქ ეწერა, რომ კარბამიდთან ერთად, ტერმინალის საწყობებში შეინახება ამონიუმის ნიტრატი, გოგირდი, ამიაკის სელიტრა და ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა სახიფათო ნივთიერებები. თვეში 60 000 ტონა ნარჩენის ბრუნვაზეა ლაპარაკი.
გამოდის, რომ 2 წელიწადზეა გათვლილი. ეს ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, ეს დასაწყისია. ეს ტერმინალი შეიცავს ძალიან დიდ რისკს და ხიფათს ბათუმისა და ბათუმელებისთვის. ანალოგიური ტერმინალები აფეთქდა სხვა და სხვა ქვეყანაში. შარშან, 26 სექტემბერს აფეთქდა საფრანგეთში. ამგვარი ტერმინალები აფეთქდა ამერიკაში, რუსეთში, ჩინეთში, თურქეთში და ახლა უკვე ბეირუთშიც. მსხვერპლიც მოჰყვა ამ აფეთქებას, მეხანძრეები და მაშველები დაიღუპნენ, რომელთაც ამგვარი ტერმინალის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ, სპეციალური წვრთნები ჰქონდათ გავლილი.
ჩვენთან მაშველებსა და მეხანძრეებს, ეს სპეციფიკური წვრთნები არ აქვთ გავლილი და თუ ტერმინალი აფეთქდა ბათუმში, ადგილობრივი მოსახლეობა დაიღუპება და ვისაც ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ცეცხლის ჩასაქრობად მიუშვებენ, ის ადამიანებიც განწირულები იქნებიან. ეს იგივეა, რომ ზღვაზე მაშველებად გაუშვან ხალხი, რომელთაც ცურვა არ ეცოდინებათ. მაშველები და მეხანძრეები კი არა, მონიტორინგის ჯგუფიც კი არ გვყავს საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
რამხელა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ და ღმერთმა დაგვიფაროს, 60 000 ტონა ნარჩენი რომ აფეთქდეს ბათუმში, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ ამონიუმის ნიტრატია, ეს ბეირუთზე ბევრად დიდი კატასტროფა იქნება. 2018 წელს, ბათუმის პორტში გოგირდის აალების შემთხვევა იყო. კიდევ კარგი, მოახერხეს და დროულად მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, თორემ იმ დროს პორტში სხვა და სხვა სახის ქიმიური ნივთიერებებიც იყო, ტერმინალში, თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებები, ჩემთვის უცნობია. გარეთ, დასაწყობების გარეშე ეყარა და წარმოიდგინეთ, ხანძარი იმ ტერიტორიასაც რომ მოსდებოდა, ბეირუთი უკვე გავლილი გვექნებოდა. იმ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს თავი დავანებოთ, მარტო გოგირდის ის დიდი რაოდენობა მოიტანდა დიდ უბედურებას. რამდენიმე ტონა გოგირდი რომ აალებულიყო, ხანძარი რომ ვერ ჩაექროთ, პორტში, იქვე მდებარე ბენზინის რეზერვუარებს გადაედებოდა და პორტს ასწევდა ჰაერში. პორტის მიმდინარე ტერიტორიაზე მთელ ინფრასტრუქტურას გაანადგურებდა, პორტიდან 50 მეტრში ორი საცხოვრებელი კორპუსია, ორი კვარტალი იტალიური ეზოებია და იქ მაცხოვრებლები განწირულები იქნებოდნენ სასიკვდილოდ. არ დაგავიწყდეთ, ბეირუთში აფეთქებამ, 10 კილომეტრის რადიუსში დაანგრია კორპუსები.
2013 წელს, გოგირდის აალების შემდეგ, 20 000 ხელმოწერა შევაგროვეთ და ამის შემდეგ, აიკრძალა პორტში, ღია ცის ქვეშ, ამ ქიმიური ნარჩენების დაყრა. პორტის ადმინისტრაციამ ბათუმელებს პირობა მისცა, რომ ნაყარი ტვირთების სახით პორტში აღარ იქნებოდა ქიმიური ნივთიერებები.
– ბეირუთში ამონიუმის ნიტრატი საწყობში აფეთქდა. ტვირთი გარეთ თუ არ ეყრება, უკეთესია, მაგრამ საწყობში მისი შეტანა აფეთქების შანსებს, ბეირუთის მაგალითზე გამოჩნდა, რომ კი არ ამცირებს, ზრდის.
– კი, ასეა, მაგრამ ქიმიურ, მომწამვლელ ნივთიერებებზე ვსაუბრობთ და ტერმინალზე, გარეთ მათი დაყრა, აფეთქების გარეშეც საფრთხის შემცველია. მომწამვლელი ნივთიერებებია და მათი მტვერის ჰაერში კონცენტრირება ხდება, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თან ბათუმი საკურორტო ქალაქია და ეს მომწამვლელი ნივთიერებები ჰაერიდან ზღვაშიც ჩაედინება, ორმხრივად სახიფათოა. გარდა ამისა, მარტო ბათუმზე არ არის ლაპარაკი. ქარი ამ ნივთიერებებს ავრცელებს მთელ ბათუმის მიმდებარედ, მთელ საკურორტო ზონაში და არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე, მასაც სცდება. ბათუმში უკვე დაფიქსირდა ჰაერში ტყვიის შემცველობის მატება, ბათუმელებში ონკოლოგიური დაავადებების მატება და ექსპერტები ამ ფაქტებს პორტში მომწამვლელი ქიმიური ნარჩენების შემოტანას უკავშირებენ. თუ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა, პატარა ამბავი არ არის. ბათუმელებს დიდ საფრთხეს უქმნიან ბიზნესმენები, დიმიტრი აბდუშელიშვილი და გიორგი რამიშვილი, „ზარალა“. აბდუშელიშვილი გახლავთ ინვესტორი, მას შემოაქვს ეს ქიმიური ტვირთები, რეალურად, ქიმიური ნარჩენები ყაზახეთიდან. მერე ისინი გააქვს ევროპის, არაბეთისა და აფრიკის სხვა და სხვა ქვეყნებში. ამ მიზნით აპირებს პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას და ეს ტერმინალი თუ აშენდა, ეს იქნება მიძინებული ნაღმი ბათუმისთვის. 14 სახეობის ქიმიური ნივთიერების თუ ეს პრობლემა საბოლოდ მოგვარდა, პატარა ამბავი არ არის. წლობით შენახვა პორტში ცეცხლთან თამაშია.
გიორგი აბდუშელიშვილი გიორგი რამიშვილის „ზარალას“ ბავშვობის მეგობარი ყოფილა. „ზარალა“ არის პროექტს „რივიერა ბათუმის“ ერთ–ერთი ინვესტორი. როგორც გაირკვა, „ზარალა“ დაინტერესებული ყოფილა ქიმიური ტერმინალის მშენებლობით, თავის დროზე მას ლობირებდა ხელისუფლების წრეებში. ეს პროექტი ორივემ ერთად დაიწყეს, რამდენადაც ვიცი. თუმცა, შემდეგ აბდუშელიშვილმა მოახერხა და „ზარალა“ გვერდზე გასწია. ახლა თავად არის ერთადერთი ინვესტორი პორტში ყაზახეთიდან ქიმიური ნივთიერებების შემოტანისა და გაყიდვის საქმეში. საინტერესოა, კაცი, რომელიც „რივიერა ბათუმის“ პროექტის ინვესტორია, ამავდროულად, პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობაში იყო ჩართული. ეს ტერმინალი თუ აშენდა, მის ბიზნესსაც უქმნის საფრთხეს.
– საფრთხის შემცველი ტვირთის შემოტანა გრძელდება ბათუმის პორტში და უსაფრთხოების ნორმები თუ გაამკაცრეს პორტში?
– არა, რაც იყო, იგივე დარჩა. არანაირი უსაფრთხოების ზომები არ გაუმკაცრებიათ.
– მახსოვს, რომ ქიმიური ტერმინალის აშენების მოწინააღმდეგე, ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე იყო. მისი ნებართვის გარეშე, ტერმინალის მშენებლობა ვერ დაიწყებოდა. თუმცა, კომახიძე, ზეწოლის შედეგად, აიძულეს, ხელი მოეწერა, ტერმინალის მშენებლობის ნებართვა გაეცა. ვინ და როგორ აიძულა ლაშა კომახიძე ეს გაეკეთებინა?
– დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ, ლაშა კომახიძეს რაღაც კომპრომატი ჰქონდა და ამით აიძულეს, ხელი მოეწერა ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვაზე. ამას ლაპარაკობენ ბათუმში. მათ შორის, სახელისუფლებო კულუარებში. მასზე ზემოქმედებას ახდენდნენ მამუკა ბახტაძე და თორნიკე რიჟვაძე.
– ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა? ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო?
– კი, ისევ თავისას მიერეკებიან. კარკასის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ, აქტივისტები არ შევწვეტთ ბრძოლას, რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, თავისი გააქვთ. ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ თუ არ შეაჩერეს ქიმიური ტერმინალის აშენება. შემდეგ, თუ არ აკრძალა ამ ქიმიური ნარჩენების შემოტანა და განთავსება პორტში, ნებისმიერი სახით, მაშინ დიდი უბედურების, მუდმივ შიშში უნდა ვიცხოვროთ. ერთ დღესაც კი, ეს შიში რეალობად გვექცევა და მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება. არც ბეირუთში ეგონათ, რომ ქიმიური ნარჩენები პორტში აფეთქდებოდა, მაგრამ რა უბედურება დატრიალდა, ვნახეთ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №28