თბილისში, სავარაუდოდ რუსი ჟურნალისტი მოწამლეს – The Insider

გასული წლის განმავლობაში მოწამვლის ახალმა ტალღამ ის ჟურნალისტები და აქტივისტები დააზარალა, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს. ამის შესახებ The Insider-ი იტყობინება.

როგორც The Insider-ი იტყობინება, ოქტომბერში Novaya Gazeta-სა და Meduza-ს ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო მიუნხენში მოწამლეს, ხოლო 1 კვირის შემდეგ კი „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტს ირინა ბაბლოიანს თბილისში თითქმის იდენტური სიმპტომები აღმოაჩნდა.

Insider-მა დეტალურად შეისწავლა ამ მოწამვლის გარემოებები ექიმებთან და ტოქსიკური ნივთიერებების ექსპერტებთან ერთად.

როგორც წესი, The Insider არ აქვეყნებს თავის გამოძიებას, სანამ სავარაუდო დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, რედაქტორებმა, მოწამვლის მსხვერპლებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტეს არსებული მონაცემების გასაჯაროება, რათა გაეფრთხილებინათ რუსეთიდან წასული აქტივისტები და ჟურნალისტები არსებული საფრთხის შესახებ.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან წასული ჟურნალისტები და აქტივისტები რუსული სპეცსამსახურების სამიზნეები არიან.

„მოწამვლის მსხვერპლებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რომ დიდი ხანია მოწამლულნი არიან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუძლებელია ტოქსინის კვალის აღმოჩენა“, – წერს ინსაიდერი.

ირინა ბაბლოიანი – სავარაუდო მოწამვლა თბილისში

„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში ოქტომბრის შუა რიცხვებში გადავიდა და სასტუმრო „კინგ თამარში“ ცხოვრობდა. 25 ოქტომბრის საღამოს თავს კარგად ვერ გრძნობდა, მეორე დილით კი ძლიერი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა.

მიუხედავად ამ უცნაური პირველი სიმპტომებისა, ირინამ გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ერევანში მოგზაურობაზე, სადაც 27 ოქტომბრის ღამეს მანქანით წავიდა. მანქანაში ძალიან ცუდად გახდა და კონცენტრაციას ვერ ახდენდა.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხეული აღარ მეკუთვნოდა, ძლიერი შფოთვა მქონდა, მუცელი არ მტკიოდა, თუმცა პირში მეტალის გემოს ვგრძნობდი“, – ამბობს ჟურნალისტი.