საქართველოს მთავრობა თავისი უმოქმედობით ლუკაშენკოს აფხაზეთ-ოსეთის აღიარებისკენ უბიძგებს

უკვე გავიდა 24 საათი მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად გამოაცხადა. ლუკაშენკომ ხმების 80,1% დააგროვა, მისმა მოწინააღმდეგე ტიხანოვსკაიამ – მხოლოდ 10%.

ხმების დარჩენილი რაოდენობა “ყველას წინააღმდეგ” და სხვა კანდიდატებს შორის გადანაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონეთსა და ლიეტუვაში გამომცხვარმა “ოპოზიციამ” არჩევნების შედეგები არ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე არსებითი დარღვევები ან, მით უმეტეს, გაყალბებები, არ გამოვლენილა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ლუკაშენკოს ერთი-ორი შედარებით ძლიერი კონკურენტი საარჩევნო მარათონიდან ამა თუ იმ მიზეზით მოიხსნა, ხმის მიცემის და, შემდეგ, ამ ხმების დათვლის პროცესი 9 აგვისტოს გამჭვირვალედ ჩატარდა. საინტერესოა, რომ ბელორუსიაში საარჩევნო კომისიები ადგილებზე, საარჩევნო უბნებში, კედელზე აკრავენ ხმების დათვლის ოქმების ორიგინალს. ყველას შეუძლია, იხილოს ეს ოქმები და სურათი გადაუღოს მათ. ასეთი გამჭვირვალობა, ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის პირობებში (რაც დაფიქსირდა კიდეც ამ არჩევნებზე), ფაქტობრივად გამორიცხავს სერიოზული მანიპულაციების შესაძლებლობას. ამიტომაც ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევის ფაქტი ეჭვს არ იწვევს.

სწორედ ამ მიზეზით, ლუკაშენკოს გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ და უმაღლესმა ლიდერმა სი ძინპინმა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ჩვენმა უშუალო კავკასიელმა მეზობლებმა – აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა. ისინი არც დალოდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს, მათ უფრო ადრე მიულოცეს ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტად გადარჩევა, ვინაიდან არჩევნების საღამოს ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა ცხადჰყვეს, რომ ლუკაშენკომ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც არჩევნებზე ლიდერი აშკარა უპირატესობით სარგებლობს, მას უკვე ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდეც ულოცავენ ხოლმე გამარჯვებას.

სამაგიეროდ, ევროპა-ამერიკა ურჩობს და ჯერ-ჯერობით არ აღიარებს ბელორუსი ხალხის ნების გამოხატულებას და აქცენტს აკეთებს იმ 10 პროცენტზე, რომელიც აქტიურობს ქუჩებში, ცდილობს, პროვოცირება მოუწყოს ხელისუფლებას, რათა უკრაინული “მაიდანის” მსგავსად, დიდი სისხლი დაიღვაროს და ყველაფერი ეს ხელისუფლებას, პირადად ლუკაშენკოს დაბრალდეს. გაოცებას სულაც არ იწვევს ფაქტი, რომ ლუკაშენკოს კრიტიკოსთა შორის არიან როგორც პოლონეთის და ლიეტუვის ხელისუფლება, რომელთაც ბელორუსიის ფაქტობრივი დაშლა და მისი გადანაწილება სურთ (ისტორიული “რჟეჩ-პოსპოლიტას” აღდგენა), ისე ჩამოქცეული, არასტაბილური, ტერიტორიებდაკარგული უკრაინის ჯამბაზი პრეზიდენტი ზელენსკი. ეს უკანასკნელი ფრთხილად, მაგრამ დაბეჯითებით მოუწოდებს ბელორუსიის პრეზიდენტს, არ მიიღოს მკაცრი ზომები.

აი ამ კამარილიას არის აყოლილი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირში წყალჩაგუბებული სდუმს. საინტერესოა, რომ სდუმს სააკაშვილიც, რადგან იცის, რომ ბელორუსიაში ხელისუფლების დამხობა ისეთივე ადვილი არ იქნება, როგორც ნახევრად ფაშისტურ უკრაინაში. რაც არ უნდა აკრიტიკონ ლუკაშენკო, ბელორუსები არ მიიღებენ “ბანდერულ” იდეოლოგიას, მათთვის წმინდაა დიდი სამამულო ომის შესახებ ხსოვნა, რუსეთთან მჭიდრო ისტორიული კავშირები. ბელორუსიის მხოლოდ მცირე ნაწილი არის მენტალურად და ისტორიულად დაკავშირებული პოლონეთ-ლიტვასთან, აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა რუსულენოვანია. ეს არის ფონი, რომელიც აძლიერებს ლუკაშენკოს პოზიციებს. ტყუილად ელიან მავანნი, რომ ლუკაშენკო ამჟამად მიმდინარე ქუჩის აქციების გამო დაემხობა.

მაგრამ, როგორც კი იგი წელში გაიმართება, გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების ვერაგული საქციელიდან, რომელიც სდუმს, მაგრამ არც აღიარებს მას პრეზიდენტად, შეიძლება, შეცვალოს თავისი პრინციპული პოზიცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ეს იქნება უდიდესი დარტყმა საქართველოსთვის, თუკი ევროპული ქვეყნის ლიდერი, თუნდაც “დიქტატორად” მიჩნეული, აღიარებს ჩვენი ტერიტორიების “დამოუკიდებლობას”. ჩვენ თავად ვუბიძგებთ ლუკაშენკოს ამისკენ, როდესაც ყოვლად დაუსაბუთებლად, პოლშა-ლიტვის ამბიციებს ვემსახურებით, ნაცვლად საკუთარი ინტერესებისა.

გავიხსენოთ, განა რამე დაუშავა საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკომ? პირიქით, მან პრინციპულად დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გააღრმავა ჩვენთან სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები, თბილისში პატივი მიაგო დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ გმირებს, როდესაც თავის ვაჟთან ერთად, ყვავილებით შეამკო ვაკის პარკში მდებარე მონუმენტი.

ასევე გავიხსენოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პასიურობა ყაზახეთში ტოკაევის გაპრეზიდენტების შემდეგ, როდესაც ისევ სომხებმა და აზერბაიჯანლებმა დაგვასწრეს ტოკაევისთვის ყაზახეთის პრეზიდენტობის მილოცვა. ქართული “დიპლომატია” მაშინაც ფიქრობდა, რომ დალოდებოდა დასავლეთის რეაქციას. როგორც ჩანს, ეს დალოდება, ამერიკის საელჩოში მსხდომი დაბალი დონის მბრძანებლების მიერ სანქციის გაცემის მოლოდინი, უკვე ძვალ-რბილში გაუჯდა შეშინებულ ხელისუფლებას. არადა, თუკი ლუკაშენკო მართლაც დაამხეს, ასევე დაამხობენ ამ უდღეურ “ქოცებს”, ნებისმიერ მომენტში, რადგან უკვე ნებისმიერი “რევოლუცია” პოსტსაბჭოთა სივრცეზე სანქცირებული გახდება. თუკი ლუკაშენკო “დიქტატორია”, ბიძინა ივანიშვილი “პრორუსული ოლიგარქია”, ასეთი ლიდერის დამხობა კი ქვეყნის “დემოკრატიზაციად” გასაღდება, ამერიკელი სენატორები, ევროპელი ულტრა-ლიბერალები, ტაშს დაგვიკრავენ.

იმედია, ხელისუფლება დაუფიქრდება ამ გარემოებებს და სუვერენულ გადაწყვეტილებას მიიღებს – რაც შეიძლება, მალე მიულოცავს ლეგიტიმურ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. —