უხვი ნალექის გამო ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიტბორა, ფრენების განხორციელება და რეისების მიღება ორი საათით შეწყდა

უხვი ნალექის გამო ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიტბორა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აეროპორტის წარმომადგენლები მგზავრებს, რომელთა რეისები დღეს არის დაგეგმილი, მოუწოდებენ, აეროპორტში, სულ მცირე, 2,5 საათით ადრე გამოცხადდნენ.

მედიის ცნობით, ასაფრენი ბილიკის დატბორვის გამო ფრანკფურტის აეროპორტიდან ფრენების განხორციელება და რეისების მიღება ორი საათით შეწყდა, გაუქმდა 70 რეისი, 23 თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

უხვმა ნალექმა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებშიც წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ქალაქ გელზენკირხენში სამაშველო სამსახურს წვიმის დროს ავტომობილებიდან მოქალაქეების გამოყვანა მოუწია, რამდენიმე გზატკეცილი წყლით დაიფარა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, გერმანიის ამ ნაწილში უხვი ნალექი დღესაც მოსალოდნელია.