მხატვარი ოთარ იმერლიშვილის ნამუშევრები ისტორიას ჰყვებიან. ხატვა მისთვის სულ სხვა პროცესია, რომლისგანაც სიამოვნებას იღებს. მის ნამუშევრებში როგორც რეალური ასევე ირეალური სამყაროა. ოთარის შემოქმედება ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო ცნობილია. 2001 წლიდან პერსონალური გამოფენები აქვს და მისი ორი ნამუშევარიც ბრიტანეთის სახელმწიფო ფონდშია შეტანილი. რა სიახლეებია მის შემოქმედებაში ამის შესახებ ”ჯი-ეიჩ-ენი” მხატვარ ოთარ იმერლიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ოთარ, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
– დავიბადე თბილისში, მხატვრების ოჯახში. პაპაჩემიც მხატვარი იყო. ოთახში საღებავები ჰქონდა, როცა შევდიოდი პაპაჩემი აიღებდა კარგ წიგნებს და მეტყოდა აი, აქ ჩახატეო და ასე დავიწყე ხატვა. დღემდე მაქვს ის წიგნები შენახული. სკოლაში მასწავლებლები როცა გაიგებდნენ მხატვრების შვილი ვიყავი უკანა მერხზე გადამსვამდნენ. მხატვრების მიმართ მაშინ განსხვავებული დამოკიდებულება იყო. შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძეში, გავშალე ხელები და ვიგრძენი თავისუფლება. იქ ყველა ჩემნაირები იყო, მე კიდე იმათნაირი. 4 წლის განმავლობაში კარგად ვხატავდი და ვმუშაობდი. შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე რესტავრაციის ფაკულტეტზე რამაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ვისწავლე ტექნოლოგია. დღემდე შეხება მაქვს უნიკალურ ხატებთან, რაც ჩემს გულს ახარებს. ჩემი ნახატები ჩემს სახელოსნოში იქმნება, რომელიც სხვენში მაქვს.
– რა იყო თქვენი პირველი ნახატი?
მიყვარს ხატვის პროცესი. მთელი დღეს სახელოსნოში ვარ და ვხატავ. ერთ-ერთი ჩემი პირველი ნამუშევარი საკუთარი სიზმრის მიხედით დავხატე. დამესიზმრა ასეთი რაღაც: მოვფრინავდი, კლდეები იყო სახლებიანი. რომ გამოვიღვიძე დავიწყე ხატვა. მეგობრები ვინც მოდიოდა და ჩემს ნახატს ნახავდა, ყველა მეუბნებოდა მე აქ ჩამხატეო, ასე ჩავხატე ჩემი მეგობრები ჩემს პირველ ნახატში. ირეალურთან ერთად ვხატავ რეალურ სამყაროს. ნახატებში არის სიტუაციები, ტილოებზე ხშიარად ნახავთ ძველ თბილისს, საიდანაც ქუჩის ხმაური მოდის. ნახატებში ხალხი დაფრინავს. ყოფითი ჟანრია ძველი დროიდან დანახული. გადმოვცემ გრძნობებს და ემოციებს. მათ გარეშე ნახატი ძალიან მშრალი იქნებოდა. ზოგი შაგალს მამსგავსებს.
– თქვენი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაშია გამოფენილი, რომელ ქვეყნებში გქონდათ პერსონალური გამოფენა?
დაახლოებით 20-მდე პერსონალური გამოფენა მქონდა, ყველა საზღვარგარეთ. ძირითადად შოტლანდიაში, ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს მქონდა მონაკოში. არტ მონაკოზე მივიღე მონაწილეობა. გამოფენა ასევე მქონდა დელფასში სადაც ჩემი ორი ნამუშევარი შეიძინეს და რატომღაც ბრიტანეთის საკუთრებაში შეიტანეს . ახლა ჩემი ორი ნამუშევარი გამოფენილია ტაივანში.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
თბილისში პერსონალური გამოფენა არ მქონია და მინდა გავაკეთო. ჯგუფური გამოფენები მქონდა სანამ გალერეა გალერეობდა. შემდეგ გელერეაც მუზეუმს გადაეცა და დავრჩით მხატვრები საგამოფენო სივრცის გარეშე. მხატვრობა და მხატვრები თითქოს დაავიწყდათ საქართველოში. ალბათ მოვა ის დროც როცა მხატვრები გამოვლენ სახელოსნოდან .
წყარო: ghn.ge