CNN: ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას დათანხმდა

ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ბრალდებულმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება იმისათვის, რომ დააშინოს რომელიმე პირი, რომელიც მისთვის ცნობილია, როგორც თანაბრალდებული ან მოწმე ამ საქმეში, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას“, – ნათქვამია ფულტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, სკოტ მაკაფის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

განკარგულება ასევე უკრძალავს ტრამპს საქმის შესახებ „პირდაპირ ან ირიბ“ კომუნიკაციას რომელიმე თანაბრალდებულთან ან საქმის მოწმესთან.

15 აგვისტოს, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 19 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა.

98-გვერდიანი საბრალდებო დოკუმენტი 41 პუნქტს მოიცავს და 20 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.