დანიაში ყურანის, ბიბლიის და სხვა წმინდა წიგნების საჯარო განადგურება აიკრძალება

დანიაში ყურანის, ბიბლიის და სხვა წმინდა წიგნების საჯარო დაწვა აიკრძალება. ეს სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, რისთვისაც 2 წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დანიის იუსტიციის მინისტრმა პეტერ ჰუმელგორდმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ყურანის დაწვა არის „დამამცირებელი ქმედება, რომელიც ემუქრება დანიელთა უსაფრთხოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“. მისივე თქმით, არსებობს საკუთარი აზრის და შეხედულების დაფიქსირების ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდები.

დანიის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებას მუსულმანურ ქვეყნებში მასიური პროტესტის ფონზე გეგმავს, რომელმაც ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახა. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დანიის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დაწვა მუსულმანთა წმინდა წიგნი – ყურანი. იგივე მოხდა შვედეთშიც.

ანალოგიური კანონის მიღების შესაძლებლობა შვედეთშიც განიხილება.