ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან ვივეკ რამასვამ განაცხადა, რომ ის რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის კონტროლს აღიარებს და გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ნატოსკენ გზას ჩაუკეტავს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის კონსერვატიული პარტიის ვებგვერდზე ვრცელდება.
„მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პირობას დავდებ, რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატოში, რუსეთის ჩინეთთან სამხედრო ალიანსიდან გასვლის სანაცვლოდ. მე დავასრულებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა რამასვამ.
ამავდროულად, რამასვამი პარალელებს ავლებს რიჩარდ ნიქსონის საგარეო პოლიტიკასთან, სადაც ის ნიქსონის მიერ სსრკ-თან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებასა და ვიეტნამის ომზე საუბრობს. ის ამომრჩევლებს უკრაინაში „მშვიდობის“ უზრუნველყოფას ჰპირდება იმ პირობებით, რომლებსაც ის აშშ-სთვის ხელსაყრელ უწოდებს.
„მე პატივს ვცემ და გავაცოცხლებ ნიქსონის მემკვიდრეობას, უარვყოფ სასარგებლო იდიოტთა სისხლისმსმელ მღელვარებას, რომლებიც უკრაინაში უშედეგო ომს ქადაგებენ, რაც ჩვენს ორ დიდ ძალაუფლების მქონე ქვეყანას უფრო დაახლოებას აიძულებს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთია – ჩინეთი. მე ამერიკას მორალიზმიდან რეალიზმისკენ მივიყვან იმით, რაც ნიქსონმა 1972 წელს გააკეთა – მე წავალ მოსკოვში 2025 წელს. მე მოვუწოდებ მშვიდობისკენ უკრაინაში იმ ერთადერთი პირობებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – პირობები, რომლებიც პირველ ადგილზე ამერიკის ინტერესებს აყენებს“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა.
ცნობისთვის, ვივეკ რამასვამი ამერიკელი მეწარმე და პოლიტიკოსია. ის რესპუბლიკური პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა. დონალდ ტრამპი დებატებში არ მონაწილეობდა.