რუსეთმა კიევზე რაკეტებისა და კამიკაძე დრონების საშუალებით მასირებული იერიში მიიტანა

30 აგვისტოს ღამით რუსეთმა კიევზე რაკეტებისა და კამიკაძე დრონების საშუალებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ კიევის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო იტყობინება.

„ასეთი მძლავრი იერიში კიევზე გაზაფხულის შემდეგ არ ყოფილა. ეს იყო მასირებული, კომბინირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებს პოპკო.

მისი ინფორმაციით, სულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 20-მდე რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის ერთ-ერთ რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.