ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი ლიდერი რადიკალურ ოპოზიციაში

კეზერაშვილი არის მთელი რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მთავარი დონორი. მისი ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი ლიდერი რადიკალურ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის ბრძოლა პოზიციებისთვის „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება. მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი, შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ეს ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები ამ პარტიის შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.