ადამიანები საკმაოდ ამტანები ვართ მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს ბევრი საფრთხე, რომელმაც უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.
ასეთი საფრთხეები ხშირად მალულია. ზოგჯერ, ყველაზე მიმზიდველი გარეგნობაც კი შეიძლება პოტენციურ საფრთხეებს მალავდეს. მაგალითად, ავიღოთ გრეიფრუტის წვენი, რომელსაც შეიძლება დილით მიირთმევდეთ. ბევრი ადამიანისთვის, ის გემრიელი, ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტია.
თუმცა, არასწორ მედიკამენტთან ერთად მიღებისას, გრეიფრუტი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ქიმიური ნაერთების კლასის, სახელად ფურანოკუმარინების ორი წევრი, რომელიც გრეიფრუტში გვხვდება, გარკვეული მედიკამენტების ათვისებას ამცირებს ან აძლიერებს. შედეგად, სისტემაში ამ მედიკამენტების სახიფათოდ დაბალი ან როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, სახიფათოდ მაღალი დოზა ხვდება.
თუმცა, წამლებთან ურთიერთქმედი ეს ორი ფურანოკუმარინი მხოლოდ გრეიფრუტში როდი გვხდება. ნაერთს, სახელად ბერგამოტინს ასევე შეიცავს თურინჯი და ბერგამოტი; დიჰიდროქსილბერგამოტინი კი გვხვდება თურინჯსა და ნარინჯში. ამ ხილს ხშირად (ნარინჯი) იყენებენ მარმელადის წარმოებაში. (გრეიფრუტი წარმოადგენს თურინჯისა და ფორთოხლის ჰიბრიდს).
როგორც FDA-ს ფარმაკოლოგი შეივ მეი ჰუანგი განმარტავს, წვენი სისხლში უფრო მეტი პრეპარატის შეწოვას განაპირობებს, რამაც შეიძლება გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.
პროცესი შემდეგნაირად მოქმედებს. თქვენი სხეული გამოიმუშავებს ფერმენტს, სახელად ციტოქრომ P450 3A4-ს (იგივე CYP3A4), ძირითადად ღვიძლსა და წვრილ ნაწლავში. ეს ფერმენტი თქვენს ორგანიზმს პატარა უცხო მოლეკულების დაშლაში ეხმარება, მაგალითად, ტოქსინების და პრეპარატების, რათა ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მრავალი სხვადასხვა პრეპარატის მეტაბოლიზებაში.
ფურანოკუმარინების თქვენს ორგანიზმს ხელს უშლის CYP3A4-ის (და ფერმენტ ციტოქრომ P450-ის ოჯახის სხვა წევრთა) გამომუშავებასა და ეფექტიანად გამოყენებაში. CYP3A4-ს შეიძლება ხელი შეუშალოს სულ რაღაც ერთმა ჭიქა გრეიფრუტის წვენმაც კი; განმეორებითი მოხმარება კი ამცირებს CYP3A4-ის აქტივობას ღვიძლში.
ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ორგანიზმს უშლის ხელს გარკვეულ ორალურ მედიკამენტთა მეტაბოლიზებაში. შედეგად, თქვენს სისხლში უფრო მეტი პრეპარატი შეიწოვება და იქ დიდხანს რჩება, რაც ზედოზირების ეფექტს წარმოქმნის მაშინაც კი, თუ წამლის სწორი დოზა მიიღეთ. ასეთი წამლები კი საკმაოდ ბევრია, ქოლესტერინის ან სისხლის წნევის პრეპარატებით დაწყებული, კიბოს ან მღელვარების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამთავრებული.
ზოგიერთ მედიკამენტზე გრეიფრუტს შეიძლება საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს. მაგალითად, ანტიჰისტამინურ პრეპარატ ფექსოდენადინის მიღებისას გრეიფრუტის მოხმარება მის ეფექტიანობას ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური გვერდითი ეფექტები მწვავე არ არის, ნამდვილად არაა სასიამოვნო, როდესაც აღმოაჩენ, რომ ალერგიის წამალი ისე ეფექტიანად არ მოქმედებს, როგორც უნდა მოქმედებდეს.
თუ მნიშვნელოვან მედიკამენტებს იღებთ და ამ დროს გრეიფრუტის მოყვარულიც ხართ, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არსებობს თუ არა პოტენციური ზემოქმედების საფრთხე.
წყარო: ScienceAlert