რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში 4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, სოჭში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ერდოღანის ადმინისტრაციამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სოჭში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ანკარა თარიღს ჯერ არ ადასტურებს.
ამასთან, მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხს. ასევე, განიხილავენ ბუნებრივი აირის იაფ მიწოდებაზე წვდომას.
„მარცვლეულის შეთანხმების“ დასრულების შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება. თურქეთის პრეზიდენტი ბოლოს რუსეთს ერთი წლის წინ ეწვია. შეხვედრა სოჭში 2022 წლის 5 აგვისტოს გაიმართა.