ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება. საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება.
როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა განაცხადა, ამ წვრთნებით ნატო რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის.
„აგრესიის ეფექტური შეკავება ითვალისწინებს თავდასხმის შესაძლებლობასაც“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა.
მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების უმთავრესი მიზანი საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები 100%-ით არიან დამოკიდებული ბალტიის ზღვაზე“, – აღნიშნა გერმანელმა სამხედრომ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბალტიისპირეთის და პოლონეთის დამაკავშირებელი სუვალის დერეფნის ბლოკირების შემთხვევაში, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის მომარაგება მხოლოდ ბალტიის ზღვით იქნება შესაძლებელი.
მანევრებში, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება 30 ხომალდი და 3000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფინეთიდან, რომელიც ახლახან შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებს და შვედეთიდან, რომელიც ჯერ ნატო-ს წევრი არ არის.
წვრთნები ძირითადად, ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებთან წარიმართება.